თინა ბოკუჩავა – არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩამოვწერთ საპენსიო სესხებს, პენსია გაიზრდება 1000 ლარამდე და მოხდება მედიკამენტების სუბსიდირება – ამ ყველაფრისთვის გვაქვს ერთი შანსი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მ პენსიონერებთან დაკავშირებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საპროგრამო პრიორიტეტზე, რომელიც პენსიონერებს ეხება. დღეს პენსიონერები ჩვენი მშობლების თაობა, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ყველაზე დაუცველია. 400 ათასამდე პენსიონერს აქვს კაბალური პირობებით გამოტანილი საპენსიო სესხი. ჩვენ პენსიონერებს ვპირდებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირველ დეკემბრამდე, გავაუქმებთ საპენსიო სესხებს იმისთვის, რომ მათ ოთხჯერ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა არ უწევდეთ, ვიდრე საბაზრო საპროცენტო განაკვეთია. იმისთვის რომ პენსიონერებს ასე მძიმე ტვირთად არ დააწვეთ საპენსიო სესხები, რაც დიდი უსამართლობაა, ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გავაუქმებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად.
მეორე დაპირება, რომელიც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის პენსიების ზრდა. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ პენსია გავზარდოთ 1000 ლარამდე. პენსია გავზარდოთ 1000 ლარამდე ასაკით პენსიონერებისთვის, ისევე როგორც შშმ პირებისთვის და ომის ვეტერანებისთვის. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე დაფასებული. დღეს კი ვხედავთ, რომ ჩინოვნიკები დღითი დღე მდიდრდებიან, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები კი უკიდურეს სიღარიბეს ებრძვიან.
ჩვენი მესამე დაპირება პენსიონერებისთვის არის მედიკამენტების სუბსიდირება. რამდენჯერ გვინახავს პენსიონერი, რომელიც აფთიაქში შედის და წამალს ვერ ყიდულობს იმის გამო, რომ წამლების ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი, მაგრამ არ იზრდება შემოსავლები და არ იზრდება პენსია. ჩვენ გპირდებით, რომ პენსიონერებს აღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად მედიკამენტსა და საკვებს შორის. ჩვენ პენსიონერებს უნდა მივცეთ იმის გარანტია, რომ ყველა სარეცეპტო მედიკამენტებზე იზრუნებს სახელმწიფო. დიახ, ჩვენ დავუბრუნებთ ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენს პენსიონერებს ღირსეულ სიბერეს, ჩვენ დავუბრუნებთ ბავშვებს ლაღ ბავშვობას, ჩვენ გავამთლიანებთ ოჯახებს და უზრუნველვყოფთ, რომ დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი დედები, ბებიები, ქართული ოჯახები უნდა გამთლიანდეს, პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ლაღი ბავშვობა და ამისთვის ჩვენ გვაქვს ერთი შანსი – ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს სწორედ ევროპულ კეთილდღეობაზე გააკეთებენ და უარს ეტყვიან სიღატაკეს იზოლაციაში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!