თინათინ სტამბოლიშვილი: მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა ოცნების მხარდამჭერების გაუთავებელ წუწუნზე, რომ ვაბულინგებთ, რომ დამცირებულად გრძობენ თავს, რომ ახლობლებმა დაკარგეს და ა.შ.

“მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა ოცნების მხარდამჭერების გაუთავებელ წუწუნზე, რომ ვაბულინგებთ, რომ დამცირებულად გრძობენ თავს, რომ ახლობლებმა დაკარგეს და ა.შ.
ბუნების კანონია, რომ ბულინგს დომინანტი ძალა ახორციელებს – ფიზიკურად ვისაც შეუძლია მოგერიოს. ფიზიკური ძალა კი ქართული ოცნების მხარესაა – არა ჩვენკენ.
ყველაფერს თქვენიანები განაგებენ – სასამართლოს, პროკურატურას, უკლებივ ყველა ინსტიტუტს. თქვენ გვცემთ, გვიწამლავთ შვილებს, გვიჭერთ, დაგვსდევთ სადარბაზოებში და ცრუმოწმეებით გვსჯით. თქვენ ყრით საჯარო მოხელეებს პროევროპული პოზიციის გამო – საკადრო წმენდას აკეთებთ. ხვალ რომ მოინდომოთ, დაგვასმენთ ვინმესთან და ჩვენც დაგვიჭერენ. ძალა ხომ თქვენს მხარესაა. თქვენ როგორღა გამოდიხართ დამცირებულები და პატივაყრილი? ამ დროს ამაყები და თავმომწონეები არ უნდა იყოთ, ხომ გაიმარჯვეთ „სახელოვნად“? ხომ ამბობთ, რომ უმრავლესობით თან – მილიონრაღაც ადამიანმა მოგცათ ხმა. დაფიქრდით, საიდან მოდის ეს დამცირების შეგრძნება „გამარჯვებულ ძალაში“? იქიდან ხომ არა, რომ ფასეულობითი საყრდენი გამოგეცალათ? ქართველისთვის მართლაც შეუფერებელი მახინჯი ტყუილების კორიანტელში ხართ?
ამას ჰგავს, როდესაც ნუცა ბუზალაძის ამარა ხართ დარჩენილები და რეზო და ბავშვების; საახალწლო კონცერტიც ვერ გამართეთ და წინასწარ მალულად ჩაწერეთ; ინაუგურაციაზე ერთი საერთაშორისო სტუმარი არ გყოლიათ და დარბაზში შეიკეტეთ; 31ში სახალხო ზეიმი იყო რუსთაველზე და ორბელიანის საშობაო სოფელს თქვენი მხარდამჭერიც კი არ მიეკარა კეთროვანივით.
ამას ჰგავს, რადგან ძალა და ხარება, როგორც გითხარით, თქვენს მხარესაა და მაინც თქვენ გეშინიათ გარეთ ცხვირის გამოყოფა და სალონებში დილის რვა საათზე ეწერებით, რომ ვინმეს არ გადაეყაროთ; ლიფტში შესვლას ერიდებით, რომ მეზობელმა არ გაგინოთ; სუფრებზე აღარ მიდიხართ, რადგან არ გინდათ, რუსი მოგაძახონ…
თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ მორალური უპირატესობა დაკარგეთ და აქედან მოდის დამცირების შეგრძნება – სინდისის ქენჯნა გაწუხებთ:
– ასეულობით ნაწამები ადამიანების გამო – თქვენმა მხარდაჭერილმა ძალამ რომ აწამა. მარშრუტკები გამოშიგნეს და იქ ულეწავდნენ ცხვირ-პირს საუკეთესო ქართველებს – მსახიობებს, ექიმებს, სტუდენტებს.. სისხლის გუბეები იდგა, უმრავლესობას ოპერაცია დასჭირდა… ნაწამებ ხალხს კი საავადმყოფოს ნაცვლად საკანში უშვებდა მოსამართლე და დაზარალებულადაც არ ცნეს, ჯარიმები გადაახდევინეს ან ციხეში ჰყავთ;
– 50-მდე ახალგაზრდა პოლიტპატიმრის და მათი მშობლების ცრემლების გამო
– დაუსჯელი კრიმინალური ბანდების გამო; თქვენი და ჩვენი მეგობრების შვილები რომ არიან და ძალიან კარგად იცით, რომ არავინ იჭერს მათ, დაკითხვაზეც კი არ იბარებენ, ეგ კი არა – ქუჩაში თავს რომ დაგესხან, პატრული გვერდზე გაიხედავს – ამის გამო;
– პატრიარქის გაყალბებული მისალოცების გამო;
– მატყუარა და ცილიმსწამებელი საყოველთაოდ საყვარელი მამაოს გამო; პრორუსი მამაოების გამო;
– სარეკლამო კლიპიდან რომ პოლიტპატიმარს ამოჭრიან და 37 წელი გაგახსენდება, ადამიანებს რომ აქრობდნენ ფოტოებიდან, ამის გამო;
– მდიდარი კაცი რომ გვეუბნება ტელეეთერიდან, 9 აპრილი ჩვენს თავს ჩვენ თვითონ მოვუწიეთო, ამის გამო;
– მშვიდობას რომ ხმა მიეცით და კრიმინალების თარეში და ირანი/ჩინეთისკენ აღებული კურსი რომ შეგრჩათ ხელში, ამის გამო;
– ქართულ ოცნებას რომ ქართული კოშმარი შეერქვა მთელს ცივილზებულ სამყაროში, ამის გამო;
– მხოლოდ და ვენესუელა რომ გილოცავთ და პრორუსი ორბანი, ამის გამო.
გვესმის, რომ გაწუხებთ სინდისი – სხვაგვარად ადამიანები არ იქნებოდით. სხვაგვარად იფიქრებდით, რომ საკმარისად ვერ გვცემთ, ვერ გვასახრიჩრებთ, ვერ გვიჭერთ და ვერ გვაქრობთ. მაგრამ არ ხართ ასეთები. თქვენც ხვდებით, რომ მსგავსი ღირებულებულით ჩამოშლა არც ერთ ხელისუფლებას არ დამართნია. თქვენც ხვდებით, რომ ვერ გავჩუმდებით და ვერ შევეგუებით, თითქოს არაფერი მომხდარა. მაშ რა არის გამოსავალი?
ისევ იმაზე უნდა ილოცოთ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს და საქართველო განვითარების ნორმალურ გზას დაუბრუნდეს. ნორმალური სასამართლო შევქმნათ (უსამართლოდ რომ არავინ დაიჩაგროს), პატიოსანი ჩავატაროთ, ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, რომ მტრის წინაშე არ დავჩმორდეთ, მოხუცს და ბავშვს არ შიოდეს, ისტორიული საგანძური არ გვინადგურდებოდეს, სამკურნალოდ თურქეთში ან გერმანიაში არ გავრბოდეთ და მოკლედ, ერთ კაცზე აღარასდროს ვიყოთ ჩამოკიდებული. ჩვენ ამისი გვჯერა და ამისთვის ვიბრძვით და უნდა შემოგვიერთდეთ – აღარ შეგრცხვებათ და სინდისის ქენჯნაც აღარ მოგიღებთ ბოლოს. თქვენც ადამიანები ხართ, ერთნაირი რაღაცები გვჭირდება ბედნიერი ცხოვრებისთვის, ამ ქვეყანაში – სხვაგან ვერ წავალთ. ბოდიშსაც არ მოვითხოვთ თქვენგან – უბრალოდ, მოდით რუსთაველზე. უთქვენოდ არ გამოვა,” – წერს სოციალურ ქსელში GIPA-ს ასოცირებული პროფესორი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. GPI ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი.