საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა გადაცემა „რეალური სივრცის“ რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს. მასაც ედავებიან მაუწყებლის „სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას“.
დისციპლინური სანქციის შესახებ ბრძანება დღეს, 17 აპრილს გამოიცა.
„გაფრთხილებულ იქნეს ტუხა კვინიკაძე დისციპლინური სანქციის მოქმედების პერიოდში (12 თვე) მის მიერ ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში მისი სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე“, – წერია დოკუმენტში, რომელსაც „რეალური სივრცის“ თანამშრომელი თავადვე ავრცელებს.
თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით 11 აპრილს პირველი არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. ამავე დღეს გაირკვა, რომ დისციპლინური სანქცია დაუწესდა ოთხ თანამშრომელს: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტ თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვან იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორსა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორ კახაბერ მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს. იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ხელშეკრულება არ შეუწყდათ, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ის თანამშრომლები, რომლებიც დირექტორმა გაათავისუფლა და საყვედური გამოუცხადა, პროევროპული აქციების მიმდინარეობის დროს მაუწყებლის მუშაობის პრობლემებზე საუბრობდნენ.
იმ დროს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო „რეპუტაციულ ზიანზე“ საუბრობს, გიორგი გვიმრაძე, – რომელმაც გასული წლის 30 ნოემბერს შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, – კვლავ არის მაუწყებლის პოდკასტის, 41-ე პარალელის თანაწამყვანი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად.
· გვიმრაძემ მაუწყებლის ძველ შენობაში 2024 წლის 30 ნოემბერს მოქალაქეს, ქალს უთხრა: „შეგიძლია ამილოკო… რატო, ვითომ არ იცი?.. მაგარი დარწმუნებული ვარ, მაგარს ლოკავ“.
· გვიმრაძე იმავე დღეს, იმავე შენობაში ხელით შეეხო მედიაკრიტიკოს ნინია კაკაბაძეს;
· 4 დეკემბერს მან დატოვა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი მას შემდეგ, რაც კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუ ჩაწერა და იგი წარადგინა, როგორც „აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში“, – რაც სიცრუე იყო.
· ამის მიუხედავად, გვიმრაძე პოდკასტის წაყვანას აგრძელებს.
ფორუმი
