საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი, ქეთი ბახტაძე:
ძალიან ბევრი საკითხი გროვდება ერთბაშად, რაზეც საუბარი მინდება ხოლმე და ისე ხდება, ვერაფერზეც ვერ ვსაუბრობ საბოლოოდ, ვგულისხმობ აქ პოსტვას. დიდი პატივისცემა ყველას, ვინც ამის რესურსს პოულობთ დროითს, ემოციურს თუ სხვას. ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა ესეც, სიმართლის ტირაჟირება.
ახლა ვეცდები აზრები მოვხიკო, რადგან საზმაუს პროტესტის მიმართ კიდევ უფრო მდგრძნობიარე ვარ, ვიდრე უბრალოდ მოქალაქე და გადასახადების გადამხდელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ორსულმა დავტოვე, უხელფასო შვებულების მაქსიმალური ვადით ვისარგებლე იმ იმედით, რომ იქნებ ოდესმე დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჩემი გააზრებული გადაწყვეტილებით, ჩემი შვილი არ გავწირე დღეებით და ღამეებით არ ჰყოლოდა დედა გვერდით და არ დავუშვი, რომ კიდევ ერთი, თან ძალიან პატარა ადამიანი დატანჯულიყო, რადგან მე ნამდვილად ვიტანჯებოდი მუდმივად მოუგვარებელი ლოჯისტიკური და ორგანიზაციული პრობლემებით, ორგანიზაციული კულტურის ნაკლებობით, დაბალი ხელფასით, დაუმადლებელი და დაუფასებელი შრომის გამო მოტივაციადაქვეითებული ძალიან ნიჭიერი და თავდაუზოგავი თანამშრომლების ყურებით და განცდით, რომ მეც ამ რიგებს ვუერთდებოდი; დაწინაურების ძალინ მცირე პერსპექტივით, ამ პერსპექტივის გაჩენის მიუღებელი გზებით და აქ აღარ ჩავწვრილმანდები კიდევ მერიტოკრატიის ნაცვლად რაღაც ქვემძრომოკრატია როგორ მოქმედებს არხზე (ამას პირადი ბოღმები არ მალაპარაკებს, ჩემი საქმე და პოზიცია მიყვარდა, არსად გადაჩოჩება არ მიცდია). თანამშრომლები, ყოფილიც და მოქმედიც კარგად მიხვდებიან, რაზე ვსაუბრობ. წუხელ ჩემი უკვე წამოზრდილი შვილით ვიდექი საზმაუს წინ აქციაზე და ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რომ არხი, რომელსაც ჩემი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიული წლების ნაწილი დავუთმე და არა ხელფასის გამო (აქვე ვიტყვი, რომ ეს იყო 1500 ლარი ხელშეკრულებით და 1175 გამოდიოდა მგონი დაქვითვით), ჩემს შვილს და თქვენს შვილებს წირავს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს არაფერი შეიცვალოს, უბრალოდ არ დაიბადოს არანაირი შინაარსობრივი დისკურსი და ორმა ფრევდოინტელექტუალმა მედროვემ, ვგულისხმობ ვასილ მაღლაფერიძეს და გია მურღულიას, იმასლაათონ რაღაცა ღირებულებებზე, რომელსაც ლიტერატურა გვასწავლის თურმე და მათთვის ლიტერატურაშივე რჩება. ვუყუროთ ამ რაღაც “ძველი ხიდის საიდუმლოს” და ვუსმინოთ მაკა ცინცაძეს, რომლის ნევროლოგიურ სტატუსს სპეციალისტს შევამოწმებინებდით, იმ ქვეყანაში რომ არ ვცხოვრობდეთ, სადაც დე ფაქტო პრემიერ-მინისტრია მენტალურად არამდგრადი, სრულიად ხილული ნიშნებით. აქვე ვიტყვი, რომ მე დღემდე ერთგული ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის, ჩემი იქ შეძენილი მეგობრების, რომელთაც ისეთი მხარდაჭერა მაჩვენეს ჩემთვის ყველაზე რთულ დროს, რომელიც დღემდე მომყვება და უიმედობის უფლებას არ მაძლევს. დღეს უკვე თანამებრძოლების და თანამოაზრეების გვერდით ვარ და გარედან ვიბრძვი ამ არხის გაჯანსაღებისთვის. მათი ერთგულიც ვარ, ვისი სიჩუმეც შეიძლება დღეს მიკვირდეს. ის შენობაც მიყვარს, რომლის მოძველებული აპარატურა, ელექტროგაყვანილობა და გადამცემები შეიძლება სიმსივნის რისკის ქვეშ გვაყენებდა. დაუშვებელია, ფხაკაძის ლუკმა გახდეს და კორპუსებმა შთანთქოს ისტორიული შენობა და ამხელა მიწის ფართობი, ეს გაანადგურებს და დამბლას დასცემს ისედაც კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ ქალაქს. ბორდის სხდომაზე ყველაფერი იმდენად მკაფიოდ ითქვა და ხელის გულზე იდო, რომ აქ აღარ დაიწყებ პუნქტობრივ განხილვას. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ თინათინ ბერძენიშვილი არის დავარცხნილი მამუკა მდინარაძე, რომელსაც სურს წარმოაჩინოს რომ “მისი” 1100 თანამშრომელი (ჯერ ერთი სრულიად აბსურდული რიცხვი) თურმე დანარჩენ ასთან, მარგინალებთან არიან წინააღმდეგობაში. ეს არის ტყუილი, რაც არ მიკვირს ოდნავადაც, რადგან ხელფასის გეომეტრიული პროგრესიით ზრდასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად გაეზარდა პროპაგანდისტული უნარებიც. ცდილობს “დაიცვას” არხის თანამშრომლები ჩვენგან, თითქოს ჩვენ პრობლემა გვქონდეს კონკრეტული თანამშრომლების მუშაობასთან. თითქოს ოპერატორებს ვეჩხუბებოდეთ, რატომ არ იღებთ კადრებსთქო ან მემონტაჟეებს ვეჩხუბებოდეთ თვითნებურად რატომ ჭრით კადრებს და ამახინჯებთ აზრებსთქო. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი და აბსურდი. ერთადერთი პრობლემა არის არხის მენეჯმენტთან, რომელიც გვიმრაძისნაირ უღირს ადამიანებს მწვანეს უნთებს და არც ერთი პრეტენზია ქვედა რგოლის თანამშრომლებთან, რომელიც მართლა გმირულად, ზოგი ცხოვრების ნახევარზე მეტია მუშაობს ამ არხზე და ეს ის საქმე არ არის, რომელსაც ხელფასის გამო აკეთებენ. შეიძლება ვინმე არის ასეთიც და უბრალოდ მე არ ვიცნობ. მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ამ არხმა მომცა, აქ არ ჩამოვთვლი კონკრეტულ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ ისედაც იცნობენ თავს, რადგან გამოცდილებები, რომელიც ამ არხმა მომცა, ცუდიც და კარგიც ჩემთვის არის შეუფასებელი. დროა ერთხელ და სამუდამოდ ყველა მიეჩვიოს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რისიმე გაჯანსაღების პირველი ნაბიჯია, ურომლისოდაც არაფერი დაიწყება. რაღაცის კრიტიკისთვის თუ დროს ვხარჯავ ესეიგი მადარდებს, მისი გაუქმება კი არ მინდა. მინდა გამოკეთდეს, თავისი თავი და მოვალეობები გაიხსენოს. და კი, ეთერი იყო მოპოვებული, ეს არის ყველაზე ზუსტი სიტყვა და მალე მთლიანად ტელევიზიასაც მოვიპოვებთ.
მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს! თავისუფლება მზია ამაღლობელს!