2025 წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ საქართველოს მოქალაქეს აქვს მინიმუმ ერთი სესხი მაინც, იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ლომბარდი, – მონაცემებს “საზოგადოება და ბანკები” “კრედიტინფოს” ანალიტიკურ მიმოხილვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება, ანუ, დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში.
„1,9 მლნ-ზე მეტ ადამიანს რომ აქვს ერთი სესხი მაინც, ეს შეიძლება ითქვას, რომ ცუდი არ არის, ვინაიდან ადამიანი თუ სესხს იღებს, არ ნიშნავს მაინც და მაინც რომ უჭირს. მაგრამ როცა ყოველი მეხუთე ვეღარ ახერხებს გადახდას და 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს და ზოგ შემთხვევაში წლებიც გრძელდება ვადაგადაცილება, ეს უკვე პრობლემაა“, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, ვადაგადაცილებული სესხების პორტფელში დიდი ნაწილი არასაბანკო სუბიექტებზე, მათ შორის ლომბარდებზე მოდის.
„ეს არის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. მოსახლეობის 10% არის პრობლემური სესხის მქონე – მინიმუმ ერთი სესხის. საშუალოდ ერთ მსესხებელს ორი პრობლემური სესხი აქვს. ეს ხალხი ჩახსნილია ეკონომიკური პროცესიდან, ვინაიდან დიდი ნაწილი შეიძლება იყოს დაყადაღებული კიდეც.
საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების წილი 2%-ზე დაბალია. მაგრამ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია სესხის ამომღებ კომპანიებში, სადაც ხვდება პრობლემური სესხები. ძველი ონლაინ სესხებიც კი არის მოხვედრილი ამ პორტფელში. ამასთან, ბევრია სალომბარდე სესხიც. ადამიანს შეიძლება არანაირი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ აქვს ქორწინების ბეჭედი, მიიტანა, დაალომბარდა და ვერ გადაიხადა. შესაბამისად, აღმოჩნდა პრობლემურ სესხებში“, – აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, ყველაზე პრობლემური არის მცირე სესხები, კერძოდ, 2000 ლარამდე ოდენობის სესხები როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორში, -“ადამიანებს იმდენად უჭირთ, რომ თვიდან თვემდე თავის გასატანად სჭირდებათ სესხი. ეს შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველიც“, – დასძინა მან.
წყარო: “რეზონანსი”, bm.ge
