“თითქმის შიშველი” წვეულების ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლოლიტა მილიავსკაია (სასცენო სახელი – ლოლიტა) ე.წ. ახალ ტერიტორიებზე (იგულისხმები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები) ტაძარს აღადგენს.
“როდესაც ჩემი სამშობლოს წარმომადგენლები მწერდნენ “მოკვდი არსებავ, მოგიკვდეს ოჯახი”, ყველა ჯერზე ვფიქრობდი “ღვთის გეშინოდეთ”. სწორედ ამიტომ ვაპირებ ერთ-ერთ ახალ ტერიტორიაზე ტაძრის აღდგენაში მონაწილეობა მივიღო”. – თქვა მომღერალმა.
წვეულებაში მონაწილეობის შემდეგ რუსეთის მასშტაბით მილიავსკაიას არაერთი კონცერტი გაუქმდა.
2023 წლის 21 დეკემბრის ღამეს მოსკოვის კლუბ მუტაბორში წამყვანმა ნასტია ივლეევამ წვეულება გამართა, რომელზეც შოუ ბიზნესის რამდენიმე ვარსკვლავი, მათ შორის ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, ქსენია სობჩაკი და ლოლიტა მილიავსკაია ესწრებოდნენ.
მოგვიანებით ღონისძიებიდან გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების ნაწილში აღშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან წვეულებას ზოგიერთი მონაწილე ნაწილობრივ შიშველი ესწრებოდა. რუსულ მედიაში მუტაბორის ამბავს თითქმის შიშველი წვეულება შეარქვეს.
უკმაყოფილება ძალიან მალე გადაიზარდა სკანდალში, რასაც მომღერლების საახალწლო კონცერტებიდან მოხსნა მოყვა.
კირკოროვი ამოჭრეს TNT-ს საახალწლო ფილმიდან. მოგვიანებით მომღერალმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედროებისთვის კონცერტი გამართა.
გარდა ამისა, რეპერი ნიკოლაი ვასილიევი ჯერ “LGBT პროპაგანდის” კანონის საფუძველზე დააკავეს, შემდეგ კი ჯარში გაიწვიეს.
თითქმის შიშველი წვეულების მონაწილეებმა მალევე ვიდეომიმართვები გამოაქვეყნეს, რომლებშიც საზოგადოებას პატიება სთხოვეს.
მუტაბორის პატრონმა, მიხაილ დანილოვმა ღვთისმშობლის ხატის სასწაულის ტაძარს გადასცა წმინდა ნიკოლოზის ნაწილების ფრაგმენტები. ბიზნესმენის თქმით, მან წმინდა ნაწილები ახლო წარსულში ვატიკანისგან შეიძინა და მათ რუსული ეკლესიისთვის შეწირვას ისედაც გეგმავდა. დამოუკიდებელ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წმინდა ნაწილები დიდი ალბათობით ყალბია.
10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით კლუბი მუტაბორი 90 დღით დაიხურება. დანილოვის მფლობელობაში კიდევ რამდენიმე დიდი მოსკოვური კლუბია.