სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 2 და 3 თებერვალს აქციაზე დაკავებული 25 პირი მოინახულეს, რომელთაგან 22 სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2 და 3 თებერვლის განმავლობაში, თბილისისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირი მოინახულეს. ასევე, რწმუნებულმა კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია.
საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, კერძოდ 22 პირი მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. 9 დაკავებულმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, დაკავებულ პირთაგან 11-ს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კლინიკაში მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები – გულის რევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა მიღებული. რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.
დაკავებულთა გადმოცემით, სამწუხაროდ, მათი დაკავება ხდებოდა განურჩევლად, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი დაკავებულის თქმით, გზის სავალ ნაწილზე არც იმყოფებოდა და ისინი ტროტუარზე დააკავეს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობისა და სხვა სამართალდარღვევის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გააგრძელებს შემდგომ მონიტორინგს მიმდინარე სამართალწარმოებაზე.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.
20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.
დაკავებულთა ნაწილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნება.