“თითქმის მივედით” — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ

“თითქმის მივედით”, — ვკითხულობთ NASA-ს მთვარის მისიის ოფიციალურ გვერდზე.
ამის დაპოსტვის მომენტში Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ. როცა დანიშნულების ადგილს მიუახლოვდებიან, ასტრონავტები მთვარეს შემოუვლიან და მის ზედაპირს მეცნიერული მეთოდებით დააკვირდებიან.
პოსტი 4 აპრილს, გამთენიისას, გამოქვეყნდა. სურათზე ხომალდი Orion-ია გამოსახული, შორიდან კი მთვარე მოჩანს. იგი მზის პანელების ერთ-ერთ ფრთაზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.
ფოტო: NASA
შეგახსენებთ, რომ Artemis 2-ის მისია 10-დღიანია. ახლა მისიის მესამე დღე მიმდინარეობს. ეს დღე ძირითადად რეპეტიციას დაეთმობა: ეკიპაჟის წევრები იმ საქმეებში ივარჯიშებენ, რომელთა შესრულებაც მთვარესთან მიახლოებისას მოუწევთ. ხომალდი მთვარესთან ყველაზე ახლო წერტილში სულ რაღაც 3 საათს გაატარებს. ასტრონავტებმაც სწორედ ამ დროში უნდა მოასწრონ შესაბამისი დაკვირვებების ჩატარება და აღწერა.
თავისთავად, ეკიპაჟმა ეს დავალებები მიწაზეც არაერთხელ გაიარა, თუმცა რეპეტიცია ნულოვანი გრავიტაციის პირობებშიც აუცილებელია.
გარდა ამისა, მესამე დღეს კანადელმა ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა ხომალდი უნდა დაარეგულიროს, რათა Orion-მა სწორი ტრაექტორია შეინარჩუნოს. ამისთვის ცოტა ხნით ძრავას აამუშავებენ. დღეს ასტრონავტები უსაფრთხოების მანევრებშიც აპირებენ გავარჯიშებას, მათ შორის, ერთმანეთისთვის პირველადი დახმარების გაწევაში.
მეოთხე დღეს ძრავას კიდევ ერთხელ ჩართავენ, ამჯერადაც ცოტა ხნით. დღის უმეტესი ნაწილი სტანდარტულ ოპერაციებს დაეთმობა, მაგალითად, მისიის მართვის ცენტრთან კომუნიკაციასა და ფართო აუდიტორიებთან საუბარს.
ცნობისთვის, Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.