ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში გასული წლის ბოლოს ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რაც საქართველოში ნავთობის მრეწველობის უმსხვილესი ობიექტი ინქება.
ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას.
პროექტს “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.
ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა “საქართველოს განვითარების ფონდმაც” შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების – “ბანკი ქართუს”, “ბაზისბანკისა” და “ხალიკბანკის” დაფინანსებამ კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოს განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით ქარხანამ პირველი პროდუქცია წელს შემოდგომაზე უნდა გამოუშვას.
“ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს საკმაოდ უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ეს საკმაოდ რთული პროექტი იყო და საფინანსო წრეებშიც არ იყო გამოცდილება ასეთი პროექტის შეფასების, რადგან მსგავსი პროექტი ქვეყანაში არ განხორციელებულა. დიდი დროის რესურსი დაგვჭირდა გადაწყვეტილების მიღებაზე. ვიმუშავეთ კომერციულ ბანკებთან ერთად და მოხდა სინდიცირებული სესხის სახით დაფინანსების გამოყოფა და ფონდის რისკებსაც ეს კარგად აზღვევს. ფონდის მონაწილეობა დიდი არაა, მაგრამ ჩვენთვის იყო თავად მნიშვნელოვანი რომ ჩართული ვყოფილიყავით ამ პროექტში.
პროექტი ნავთობპროდუქტების თვალსაზრისით ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობას მიანიჭებს. საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც მეტი ბერკეტები უჩნდება სახელმწიფოს, ასევე აუმჯობესებს კონკურენციას, რადგან თუ იმპორტიორებს მოუნდებათ კონკურენცია გაუწიონ ადგილობრივი წარმოების საწვავს, მათ შეეძლებათ უფრო იაფი წყაროები მოიძიონ საწვავის. ამასთან, ამ პროდუქტს საექსპორტო პოტენციალი ყოველთვის აქვს, ამასთან როგორც ვიცი საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო რომელსაც არ გააჩნდა ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა.
როგორც ვიცით, პირველი ფაზა ამ პროექტის ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს და შემოდგომაზე ველით პირველ პროდუქციას. თუმცა ეს პროდუქცია იქნება პირველადი გადამუშავების, რაც ნიშნავს, რომ ის შემდეგ კიდევ მოითხოვს გადამუშავებას და ის ექსპორტზე გავა საბოლოო დამუშავებისთვის. შესაბამისად, პირველი ფაზის ფარგლებში ევრო ხარისხის დიზელი და ბენზინი არ იწარმოება, თუმცა ეტაპობრივად შეემატება ამ ქარხანას ყველა შესაძლებლობა. ეს დამოკიდებულია მშენებლობის ტემპებზე,” – აღნიშნავს ბუგიანიშვილი.
ვინ არიან პროექტის ინვესტორები:
კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმის” დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი (70.7%-ის წილით) ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია “მკ კაპიტალია”. რაც შეეხება “ბლექ სი პეტროლიუმის” 29.3%-იანი წილის მფლობელ კომპანია “დუნამისს”, ის 2022 წელს არის დაფუძნებული და 2024 წლის ბოლომდე სხვა სახელით – “მკისა ალმონდის” სახელით ოპერირებდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით ფოცხვერია, რომელიც ამავდროულად სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე “მკისა ჯგუფის” კომპანიების აქციონერია.
აღსანიშნავია, რომ ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.
ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.
bm.ge
