„თითოეული ჯარისკაცის მომზადება ფული ჯდება, ამერიკაში 15 000 დოლარი და რამდენად შენთვის ეფექტიანია, რომ ეს გააკეთო“ – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, პარტია მომხრეა სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობის – “არ არსებობს უფლება, პასუხისმგებლობის გარეშე” პრინციპიდან გამომდინარე, თუმცა ჩერგოლეიშვილი აზუსტებს, რომ რეზერვი დღეს არსებული ფორმით “კავშირში არ არის იმასთან, რაც ჩვენ გვინდა.”
„არ არსებობს უფლება, პასუხისმგებლობის გარეშე – ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. შენ, როდესაც ხარ უფლებების მომხმარებელი, იმიტომ რომ ისინი შენია, ის უფლებებივე წარმოშობს ვალდებულებებს, იმისთვის რომ ეს უფლებები შესრულდეს.
ეს ვალდებულებები არის, მათ შორის, ისიც, რომ შენ დანაშაულს თუ შეესწრები, უნდა მიხვიდე და ჩვენება მისცე, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, იმიტომ რომ მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარს იძახი. ზუსტად ისე, როგორც შენი ვალდებულებაა, მიიღო მართლმსაჯულების აღსრულებაში მონაწილეობა, რომ რაც დაინახე, ის უნდა მოჰყვე და ის უნდა იყოს სიმართლე – დაახლოებით ეს პრინციპია. წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება, რომ მოწმედ გამოვიდნენ. ეს საზოგადოება ხომ ველური იქნება, თუ ვალდებულება არ გაქვს, რომ რომელიმე საშიში კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენება მისცე – გასაგებია, რომ ეს შეიძლება საშიში იყოს და სახელმწიფოს ეკისრება შენი დაცვის ვალდებულება, მაგრამ როგორ უნდა იყო საზოგადოების წევრი, თუ ამ საზოგადოებაში არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა მშვიდობიანად, სამართლიანად იცხოვროს. დაახლოებით იმავენაირად უნდა ამოვიდეთ თავდაცვის შემთხვევაშიც.” – აცხადებს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე პირდაპირ ეთერში.
მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მას საომარი მდგომარეობის დროს იყენებ, არამედ მისი ბუნებრივი კატაკლიზმებისა და ტრაგედიების დროს გამოყენებასაც. ჩერგოლეიშვილმა აღნიშნულის საილუსტრაციოდ გურიასა და რაჭაში მომხდარი სტიქიები გაიხსენა.
“საყოველთაო რეზერვი იმას კი არ ნიშნავს, რომ მარტო ომის დროს იყენებ ამ ყველაფერს, ან ასე შემდეგ – არამედ, კატაკლიზმების დროსაც. მაგალითად, როდესაც გურიაში სტიქია მძვინვარებდა, ან შოვში ტრაგედია მოხდა, შენ თუ გყავს ადგილზე მომზადებული ხალხი, რომელიც არის რეზერვში და რომელსაც აქვს გამოცდილება და ამზადებ შესაბამისად, რომ ასეთ ტიპის კატაკლიზმებსაც გაუმკლავდეს, ადგილზე ის ადამიანები ერთვებიან და ადგილზე ჩართული ადამიანები გაცილებით უფრო ეფექტურად აკეთებენ იმ სამუშაოს, რაც აქედან ჩასული მაშველების გასაკეთებელია, იმიტომ რომ ადგილზე ყველაფერი იციან.
ანუ რეალურად სარეზერვო სამსახური ნიშნავს ქვეყნის დაცვას არამხოლოდ მტრებისგან, არამედ ბუნებრივი კატაკლიზმებისგანაც, იმიტომ რომ შენ მომზადებული ხალხის რაოდენობა გყავს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე. მითუმეტეს თუ თვითმმართველობის რეფორმაც გავატარეთ და თვითმმართველობა გაძლიერდა, ტერიტორიებზე მიბმული რეზერვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოიკვეთება და ეფექტური გახდება. ჩვენი საფრთხეების გათვალისწინებით, შენ გჭირდება რომ გყავდეს ხალხი, რომელიც არის მომზადებული იმისთვის, რომ მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება დაიცვას, რითაც შეუძლია.” – ამბობს იგი.
ჩერგოლეიშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხედვაზე საუბრისას შეეხო ქალების მიმართ სავალდებულოობის საკითხსაც. მისი თქმით, რადგან ქალების მომზადება მათი ფიზიკური მახასიათებლების გამო უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე კაცების, ამიტომ ფედერალისტების რეფორმის შინაარსი ქალების სავალდებულო გზით გაწვევას არ ითვალისწინებს.
“თითოეული ჯარისკაცის მომზადება ფული ჯდება, ამერიკაში 15 000 დოლარი და რამდენად შენთვის ეფექტიანია, რომ ეს გააკეთო. თუმცა, ქალებს, ვისაც მონაწილეობა უნდათ, ამ ტრენინგის მიღება უნდათ, უფლება ნამდვილად არ უნდა შეეზღუდოთ, ოღონდ სახელმწიფო თუ მომჭირნედ განკარგავს თანხებს, მაგ შემთხვევაში უფრო მომგებიანია კაცის მომზადება, იმის გამო რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია, ვიდრე ქალი.” – ამბობს იგი. (ტაბულა)