თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას ამოცანა, არჩევნებში მონაწილეობა ყველამ მივიღოთ – თამაზ დაუშვილი

ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 26 ოქტომბერს ტარდება, მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თამაზ დაუშვილი 1990 წლის 28 ოქტომბრის ს მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელმაც ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დაასრულა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ დღეს მოქალაქეებმა თავისი არჩევანით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უნდა დაუდონ დასაბამი.
„1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ამ არჩევნების შედეგად დასრულდა კომუნისტური მმართველობის 70-წლიანი ისტორია და დასაბამი დაედო ახალ ქართულ სახელმწიფოს. მაშინ მე 16 წლის ვიყავი და ვერ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში. მახსოვს, როგორ მშურდა კეთილი შურით ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ისტორიულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და თავისი არჩევანით დაასამარა ჩვენი ქვეყნის კომუნისტური წარსული. მას მერე ბევრი აღმატებული და ბევრი სევდიანი დღეც გვქონდა, მაგრამ ქვეყანა მაინც წინ მიიწევდა. ამ დღის შემდეგ მე არცერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რადგან მიმაჩნდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა სამშობლოს წინაშე. დღესაც ისე, როგორც 1990 წლის 28 ოქტომბერს, თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას ამოცანა, რომ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ჩვენი არჩევანით დასაბამი მივცეთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. წარმატება და წინსვლა ჩვენს საყვარელ სამშობლოს“, – წერს თამაზ დაუშვილი.