“ჩვენი მდგომარეობა ისეთია, თითოეული დაკარგული ტურისტი მთელი თვის დაკარგვას ნიშნავს”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორმა, ლაშა ბერეკაშვილმა საქართველოს საზღვრიდან ტურისტების გაბრუნების ფაქტებზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, თითოეული გაუქმებული ჯავშანი, სექტორისთვის მთელი თვის ამოტრიალებას ნიშნავს. შესაბამისად, ამ პროცესში ყველაზე მეტად მასპინძლები ზარალდებიან.
„ვინაიდან ტურიზმი შემცირებულია, შეიძლება გიდს, სასტუმროს ან ტუროპერატორს თვეში 1 ან 2 ჯავშანი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ ადამიანების დამოკიდებულება, რომ თითოეული გაუქმებული ჯავშანი, მათთვის მთელი თვის ამოტრიალებას ნიშნავს. ახლა მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნიდან შემოდიან ტურისტები და თითოეული ამ ადამიანის უკან გაბრუნება, სექტორისთვის დიდი დარტყმა და მძიმედ გადასატანია.
გაბრუნებული ტურისტები აცხადებენ, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, მათ შორის ჯავშანიც და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც, როგორც სტანდარტულად ხდება. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ახსნან მიზეზები, თუ რის გამო უთხრეს ამათუ იმ ადამიანს ან ტურისტულ ჯგუფს უარი“, – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
