თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც შსს-ში განმარტავენ, აღნიშნული პირი პოლიციამ ცხელ კვალზე 3 იანვარს დააკავა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი 3 იანვარს შეიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიღბიანმა მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 178-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ძარცვას გულისხმობს.