“თიბისი ბანკ ჯგუფმა”, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბანკის უზბეკურმა შვილობილმა მიაღწია შეთანხმება და შეიძენს მაჟორიტარულ წილს OLX Uzbekistan-ში – ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ონლაინ სავაჭრო პლატფორმაში.
OLX უზბეკეთი, რომელიც კომპანია Prosus-ს ეკუთვნის, წარმოადგენს ქვეყნის მეექვსე ყველაზე მონახულებულ ვებგვერდს, 5.4 მილიონი აქტიური მომხმარებლითა და 2.2 მილიონი აქტიური განცხადებით. პლატფორმა წამყვან პოზიციას იკავებს როგორც მომსახურების, ასევე საქონლის, ავტომობილებისა და უძრავი ქონების ბაზარზე და უზბეკეთის ინტერნეტმომხმარებელთა 20%-ზე მეტს ემსახურება.
გარიგება, რომელსაც უზბეკეთის ტექნოლოგიურ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან M&A (შერწყმა-შეძენა) ტრანზაქციად აფასებენ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, „თიბისი უზბეკეთს“ საშუალებას მისცემს გააფართოვოს მომხმარებელთა სეგმენტები და გააძლიეროს თავისი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც უკვე 21 მილიონ უნიკალურ მომხმარებელს აერთიანებს.
გარიგების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში „თიბისი უზბეკეთის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, რომ OLX-ის შეძენა ჯგუფისთვის მნიშვნელოვან სინერგიას შექმნის და კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოზიციებს უზბეკეთის სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ ბაზარზე.
ეს ნაბიჯი „თიბისი ჯგუფის“ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომგებიანი ზრდის გაგრძელებასა და ბაზრის დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ივნისში ჯგუფმა ასევე შეისყიდა უმსხვილესი წილი პლატფორმა BILLZ-ში, რომელიც საცალო ვაჭრობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს.
