შპს „ნატურალე ბრევერი“ ბოლო წლებში, ადგილობრივ ბაზარზე მომრავლებულ ქართულ ლუდსახარშებს შორის გამორჩეულია. წარმატებას კომპანიის საერთაშორისო აღიარებაც ახლავს, ეს კი ხარისხისა და ექსკლუზიური პროდუქციის დამსახურებაა. მხოლოდ შარშან, London Beer Competition-ში კომპანიის ლუდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, სიდრმა ბრინჯაოსი, World Cider Award-ში კი „ნატურალე ბრევერის“ სიდრი ვერცხლის პრიზიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2016 წელს დაარსებული საწარმო, ჰობიდან სერიოზულ ბიზნესად იქცა. სერგო მაკაროვს, „ნატურალე ბრევერის“ დირექტორსა და მთავარ ტექნოლოგს, ლუდის ხარშვა საგანგებოდ არსად შეუსწავლია, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის აინტერესებდა და შესაბამის ლიტერატურას გამუდმებით ეცნობოდა.
„ამ საუკუნის ათიანი წლებიდან მსოფლიოში კრაფტ ლუდების ბუმი დაიწყო, ძველი რეცეპტების განვითარება. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენთან, დასაწყისში, ყველა მხოლოდ ლაგერს ითხოვდა – მხოლოდ ეს სახეობა იცოდნენ. ღია ფერის და შავი ლუდი, გაფილტრული და გაუფილტრავი, სულ ეს იყო. ცოტა ხანში ცნობისმოყვარეობამ იმუშავა და სხვა ლუდების გასინჯვაც დაიწყეს. დღეს უკვე შეიძლება თქმა, რომ კრაფტ ლუდის კულტურა ჩვენთანაც დამკვიდრდა. წარმოება ასლიტრიანი სახარშით დავიწყეთ. თავიდან, როგორც ფიზიკურ პირს „თიბისი“ ბანკში სამომხმარებლო სესხი მქონდა, 3-4 წლის წინ მინი ბიზნეს სესხი ავიღე და დანადგარები დავამატეთ. წელს კვლავ ავიღე სესხი წარმოების გასაზრდელად – უკვე 500 ლიტრიანი სახარში შევიძინეთ. ჩვენ გვაქვს ლუდები, რომლებიც ჩვენ შევქმენით და მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ. ასეთია, მაგალითად, ტომატის ლუდი, რომელსაც დავამატეთ მეგრული აჯიკა. გვაქვს ტყემლის ლუდი, ტყემლის სოუსის სუნელებით. ეს ლუდები ჩვენი ექსკლუზივია და ქართულ სამზარეულოსა და ქართულ გემოებს განსაკუთრებით უხდება“- განაცხადა სერგო მაკაროვმა.
მათი ცნობით, „ნატურალე ბრევერი“ ერთდროულად დაახლოებით 10 სახეობის ლუდსა და 6 სახეობის სიდრს აწარმოებს.
„ჯამში დაახლოებით 35 სახეობის ლუდი გვაქვს მოხარშული, მაგრამ მუდმივად ვაკეთებთ როტაციას. დღეს დაახლოებით 5-6 ტონა ლუდს ვხარშავთ თვეში. დანადგარების ჩამოსვლისას უკვე თვეში 10-12 ტონას მოვხარშავთ. აქამდე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ვიყავით წარმოდგენილები. როცა ახალი სახარში და ახალი საფერმენტაციო ცისტერნები გვექნება, შეიძლება ექსპორტზე ვიფიქროთ. ინგლისიდან და პოლონეთიდან უკვე იყო დაინტერესება“,- განაცხადა სერგო მაკაროვმა.
მათივე თქმით, სიდრი, რომელსაც კომპანია ლუდთან ერთად აწარმოებს, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი სასმელია.
„სიდრზე აქციზი მაღალი იყო. მხოლოდ სამი წლის წინ მოხდა ცვლილება, აქციზი გაიაფდა და შესაძლებელი გახდა, რომ სიდრიც გვეწარმოებინა. ვაშლის ძველ ჯიშებს ვიყენებთ – ანტონოვკას, ბროდსკის, კეხურას… შარშან ჰექტარ ნახევარი ნაკვეთი ვიყიდეთ, სადაც სიდრისთვის საჭირო სპეციალური ჯიშები დავრგეთ. სიდრი დაბალგრადუსიანი სასმელია, ამიტომ ლუდის კონკურენტია და არა ღვინის. გლუტენის შემცველობის გამო ლუდს ყველა ვერ სვამს, დაბალგრადუსიანი სიდრი კი, განსაკუთრებით ზაფხულში, კარგი ალტერნატივაა. ვაშლის გარდა, მაგალითად, ალუბლისა და გრეიპფრუტის სიდრსაც ვამზადებთ“- განაცხადა სერგო მაკაროვმა.
მათივე ცნობით, ამჟამად ლუდსახარში, თბილისსა და ბათუმში, ბარებსა და ლუდის მაღაზიებს ამარაგებს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს საკუთარი ბარი ასათიანის N30-ში და მაღაზია ნუცუბიძის N115-ში. ბოლო დროს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, სექტორი საგრძნობლად განვითარდა და კონკურენციამაც იმატა.
„კონკურენცია, ძირითადად, დიდ მწარმოებლებთანაა. ისინი უფრო დიდი რაოდენობით და შესაბამისად უფრო იაფად აწარმოებენ ლუდს, გარდა ამისა, ბარებში ხშირად ექსკლუზიურად არიან წარმოდგენილები. თუმცა ბოლო დროს ბარები დარწმუნდნენ, რომ ეს მიდგომა არასწორია. წამგებიანია, როცა მომხმარებელი იძულებულია, მხოლოდ ერთი სახეობა – ლაგერი – მიირთვას. უკვე ბევრი ბარი გაიხსნა და ბარებს შორისაც დიდია კონკურენციაა. ჩვენ მრავალფეროვნებით და ხარისხით ვიგებთ. ვცდილობთ დავამატოთ ახალი სახეობები, რაც აქამდე ბაზარზე არ იყო. ჩემი აზრით, მრავალფეროვნება ყოველთვის უპირატესობაა“- განაცხადა სერგო მაკაროვმა.