თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 იწყება

ბიზნეს დაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, მიზნად ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს.
ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ს ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ვეფხვია ლომინაშვილმა და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება, მათ შორის ახალი ნომინაციებით. ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს.
თიბისის ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ვეფხვია ლომინაშვილი ამბობს, რომ წლიდან წლამდე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა ღონისძიებაზე მზარდია. ვინაიდან, ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს და აჩვენოს თუ რამდენ კარგ საქმეს აკეთებს.
“ძალიან კარგი შესაძლებლობებია ბიზნესებისთვის, რომ წარმოაჩინონ თავისი თავი. აჩვენონ თუ რამდენად მაგარ რამეს აკეთებენ. თვითონ ამ პროექტის ჩანაფიქრი, როდესაც ჩაისახა ზუსტად ეს იყო, რომ ბიძგი მიგვეცა ბიზნესისთვის, რომ წინ წამოსულიყვნენ. საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე. გაეცნოთ ფართო საზოგადოებისთვის საკუთარი შესაძლებლობები. ეამაყათ იმით, რაც გააკეთეს და დაეჯერებინათ და განემტკიცებინათ, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. შესაბამისად, წლიდან წლამდე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა იზრდება.
ნომინაციებსაც პერიოდულად ვცვლით. წელსაც გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ. სულ 5 ნომინაცია გვაქვს : საუკეთესო მომსახურება, გამორჩეული როლი რეგიონული განვითარებისთვის და ეს ნომინაცია ძალიან გვინდა, რომ კარგად იყოს წარმოდგენილი, რადგან ვცდილობთ, რომ მეტი ხელშეწყობა გავაკეთოთ რეგიონებში და ადგილობრივი ბიზნესები წინ წამოვწიოთ. ამასთან იქნება, ინოვაციური სტარტაპების ნომინაცია, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა და ახალი ნომინაცია გვაქვს, გამორჩეული ფრილანსერი”, – ამბობს ვეფხვია ლომინაშვილი.
Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში და მოლდოვაში, დიანა კიღურაძე აცხადებს, რომ კომპანია უკვე მეოთხე წელია ბიზნეს დაჯილდოების მხარდამჭერია, რაც კომპანია Visa-სთვის როგორც საამაყო, ამასთან საპასუხისმგებლოა.
“Visa, TBC ბიზნესის მიმართულების ერთგული და ექსკლუზიური მხარდამჭერია მრავალი წლის განმავლობაში. ამ წარმატებული პარტნიორობის განმავლობაში ძალიან ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რომელიც სწორედ ამ სეგმენტის [ბიზნესი] გაძლიერებას და განვითარებას ემსახურებოდა.
ბიზნეს დაჯილდოების 9 წლიდან, უკვე 4 წელია TBC ბიზნეს დაჯილდოების გვერდით ვდგავართ. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. ბიზნესებს ჩვენი ქსელი ეხმარება, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც თავი საზოგადოებას გააცნონ. ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა ბიზნეს დაჯილდოება აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენ კი ვაძლიერებთ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ქმნიან”, – განაცხადა დიანა კიღურაძემ.
ინფორმაციისთვის, რეგისტრაციები 16 მაისიდან გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, რის შედეგად ჟიურის წევრები განაცხადებს გადაარჩევენ და საუკეთესოს გამოავლენენ. გამარჯვებულების ვინაობა, ივლისის თვეში, დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.