„თიბისის“ ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ რესტორანმა „სადგურმა“ ბიზნესი გააფართოვა

ლუდის ბაღი და რესტორანი „სადგური“, რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში მდებარეობს, „ს“ ბიზნეს დაჯილდოების 2022 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში – „რეგიონის განვითარებისთვის“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
ბანკის პრესსამსახურის ცნობით, აღებული ჯილდოს დახმარებით კომპანიამ რესტორნის ტერიტორიაზე არსებული 300 კვმ დარბაზისთვის აპარატურა შეიძინა, რითაც თავისი საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა.
კომპანიის ისტორიასა და ამ ისტორიით სოფელში დაწყებულ ახალ ცხოვრებაზე „სადგურის“ დამფუძნებელი, გიორგი ბარათაშვილი „თიბისის“ უყვება:
„2016 წელს, როცა ძველ გერმანულ სოფელ ასურეთში პირველად მოვხვდი, მისმა არქიტექტურამ და გამორჩეულმა, სრულიად უცხო განწყობამ ძალიან მომხიბლა. მივხვდი, რომ ამ ადგილს, თავისი ისტორიით, უნიკალური ეთნოგრაფიითა და კულტურით, განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი ჰქონდა.
აქ, გერმანელების მიერ 19-საუკუნეში აშენებული სახლები, ინფრასტრუქტურა, ღვინისა და გასტრონომიული კულტურა თითქმის, ხელუხლებლადაა შემორჩენილი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ასურეთში შეგვეძინა ფართი და გასტრონომიული ბიზნესი დაგვეწყო.
2020 წელს გერმანელების მიერ 1933 წელს აშენებული სამანქანო და სატრაქტორო სადგურის შენობა, თავისი ეზოთი და ადმინისტრაციული ნაგებობით შევისყიდეთ და ბიზნესის დაგეგმვა დავიწყეთ. მოვახდინეთ მთლიანი შენობა განვაახლეთ და 2022 წელს ლუდის ბაღი, ეგრეთწოდებული გერმანული „ბიერგართენი“და რესტორანი გავხსენით, რომელსაც „სადგური“ დავარქვით.
გერმანელების წასვლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ქართველები, ძირითადად რაჭველები დასახლდნენ. ასე შეიქმნა უნიკალური, რაჭულ-გერმანული კულინარიული და ღვინის კულტურა.
ადგილობრივებისგან ძველი გერმანული რეცეპტები მოვიძიეთ, რომლებიც საინტერესო იმითაა, რომ ეს გერმანული კერძები რაჭული კულინარიული ელემენტებითაა გამდიდრებული. ჩვენი მენიუ ძირითადად ასეთი კერძებისგან შედგება. აღვადგინეთ ასევე გერმანული ძეხვეულის კულტურა, ნედლი სოსისები, რომლებსაც ადგილობრივები გვიმზადებენ.
განსაკუთრებული ადგილი ამ მენიუში, რა თქმა უნდა, ღვინოს უკავია, რომელიც ასევე გერმანული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გერმანელებს აქ მოჰყავდათ ყურძნის უნიკალური ჯიში, „შალა“. შემორჩენილია მათ მიერ საგანგებოდ აშენებული მარნები და სარდაფები თავისი კასრებით, ჩანებით, ტექნოლოგიით. რაჭველებმა ეს მემკვიდრეობა თავისებურად გააგრძელეს, არ შეუწყვეტიათ ღვინის წარმოება. სულ მალე კი ამ საქმეს ჩვენც მივყოფთ ხელს და ჩვენს ღვინოს ჩამოვასხამთ – „ასურეთულ შალას“, „სადგურის“ ლოგოთი.
იმ დროს, როცა სადგური გავხსენით, სოფელში სხვა საკვები ობიექტი არ არსებობდა. თუმცა სულ რამდენიმე თვეში მივხვდით, რომ ჩვენი აქ დამკვიდრების შემდეგ, ასურეთში ცხოვრება სულ სხვანაირად აჩქეფდა. ჩამოდიოდა და გვსტუმრობდა უამრავი ტურისტი, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ამიტომ რესტორანს დავამატეთ კიდევ ერთი ღია სივრცე და ასევე, დახურული სივრცე კორპორაციული და კერძო ღონისძიებებისთვის.
მალევე სოფელში გაჩნდა სხვა საკვები ობიექტებიც, სასტუმროც, შენდება ცხენების ფერმა, აიწია უძრავი ქონების ფასმაც. დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა, მათგან ვყიდულობთ ნედლეულსაც. ეს ყველაფერი, ცხადია, დადებითად აისახა სოფლის ეკონომიკაზეც.
სწორედ ამიტომ, როცა 2022 წელს ბიზნეს დაჯილდოება გამოცხადდა, განაცხადი შევიტანეთ ნომინაციაში „რეგიონის განვითარებისთვის“.
ჯილდოს დახმარებით ჩვენი დარბაზისთვის საპრეზენტაციო და მუსიკალური გაფორმებისთვის საჭირო აპარატურა შევიძინეთ, რომლის წყალობითაც დღეს აქ სრულყოფილი ღონისძიებების ჩატარება, უკვე შესაძლებელია იქნება ეს გამოფენა, პრეზენტაცია, ქორწილი, კორპორაციული წვეულება ტუ ფესტივალი. რამდენიმე ასეთი ღონისძიება უკვე შედგა.
წელს მოვაწყვეთ გერმანული ფესტივალიც „ოქტობერფესტი“, რომელსაც ჩვენ „ოქროსფერფესტი“ დავარქვით. მთელი ფესტივალის განმავლობაში, ამ აპარატურის დახმარებით, უკრავდა ცოცხალი მუსიკა.
ამ ფესტივალით საფუძველი ჩაეყარა ახალ, საფესტივალო მიმართულებას, რომელიც ყოველწლიურად კიდევ უფრო დაიხვეწება და მასშტაბს შეიძენს. ეს ამ აპარატურის გარეშე ვერ მოხდებოდა.
ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვება ჩვენნაირი დამწყები ბიზნესებისთვის იმის დასტურია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ამ გამარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნო, სამჯერ გაიზარდა სტუმრების რაოდენობა და შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაც გაიზარდა – კიდევ უფრო გავლამაზდეთ, დავხვეწოთ ჩვენი რესტორანი და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ამ რეგიონით, რომელშიც უკვე სულ სხვანაირად ჩქეფს სიცოცხლე.“

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს