„თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ვყიდით ავტომობილებს – ავტოიმპორიოტები რთულ მდგომარეობაში არიან“ – ასოციაცია

„თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ყიდიან ავტოიმპორტიორები ავტომობილებს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა დარბაისელმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, შუა აზიიდან ჩამოსული პირები კონკურენციის კუთხით კვლავაც გამოწვევას წარმოადგენენ ადგილობრივი ბიზნესებისთვის.
„თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ყიდიან ავტოიმპორტიორები ავტომობილებს, რადგანაც, მოგეხსენებათ რომ, შუა აზიიდან ჩამოსული პირები პირდაპირ შემოდიან კონკურენციაში. ადრე თუ ავტოიმპორტიორებისგან ყიდულობდნენ, ახლა პირდაპირ მათ ჩამოჰყავთ ავტომობილები და გაჰყავთ. ჩვენი სექტორი პირდაპირ დაკავშირებულია არა იმდენად ადგილობრივ ბაზარზე, რამდენადაც რეექსპორტზე, ხოლო რეექსპორტზე ვეღარ იყიდება იმ რაოდენობით ავტომობილები, რა რაოდენობითაც უნდა იყიდებოდეს. ადგილობრივი ბაზარი არ არის იმხელა გასაღების ბაზარი, რომ ავტომობილები მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის ჩამოვიყვანოთ“, – აცხადებს ლაშა დარბაისელი.
მისი თქმით, წინასაახალწლო პერიოდში გაცილებით მეტი ავტომობილი იყიდებოდა წინა წლებში, ვიდრე მიმდინარე წელს და მომგებიანობაც უკეთესი იყო.
„ვადევნებთ თვალს „საქსტატისა“ და სხვათა მონაცემებს, სიმართლე თუ გაინტერესებთ, სხვაგვარად არის ადგილზე სიტუაცია. ავტოიმპორტიორები რთულ მდგომარეობაში არიან. წინასაახალწლო პერიოდში გაცილებით უფრო მეტი იყიდებოდა წინა წლებში ვიდრე წელს. შესაძლოა, არიან ისეთი ერთეული ავტოიმპორტიორები, ვინც გაყიდეს და ეს გასახარია, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ მათ შეეძლოთ უფრო მეტი მოგებით გაეყიდათ, რომ არა უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები, ვინც საქართველოს უყურებენ როგორც სატრანზიტო დერეფანს, რომ ჩამოიყვანოს ს ან ს პორტში და შემდეგ აქედან ისე გაიყვანოს ავტომობილი, რომ მათ არაფერი შეეხოთ“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლაშა დარბაისელმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში რეექსპორტზე გავიდა 2.287 მლრდ დოლარის ღირებულების 92 713 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ საქსტატზე მონაცემები 2014 წლიდან არის წარმოდგენილი.
თუ გადავხედავთ მხოლოდ ერთი წლის მონაცემებს, ავტომობილების რეექსპორტი 14%-იან ზრდას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 2-მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 88 235 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი