„თვითონ კოლეჯი „მერმისია“ თავისივე სტუდენტების დამსაქმებელი – ნონა ღუდუშაური

„თვითონ კოლეჯი „მერმისია“ თავისივე სტუდენტების დამსაქმებელი და ჩვენ არაერთი სტუდენტი და კურსდამთავრებული გვყავს დასაქმებული, რაც კარგი მაგალითია სხვა დაწესებულებებისთვის“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად კოლეჯ „მერმისის” დირექტორმა, ნონა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, სამკერვალო წარმოების პროგრამაზე დასაქმების მაჩვენებელი 90%-ია. მაღალი მაჩვენებელია ასევე ელექტრობაზე, კულინარიაზე, ზოგადად – მომსახურების მიმართულების პროგრამებზე.
„თითქმის ყოველდღიურად შემოდის კოლეჯში სხვადასხვა დაწესებულებიდან განაცხადები სხვადასხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით. დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამკერვალო წარმოების პროგრამაზეა. გვყავს კარიერის და პროფესიული ორიენტაციის მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გაზიარებას როგორც სტუდენტებში, ასევე კურსდამთავრებულებში და შემდეგ ახდენს მათ დაკავშირებას კომპანიებთან და უკეთებს ორგანიზებას მათ შეხვედრას. ამ კუთხით ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენთან სტუდენტობის პერიოდშიც ბევრი საქმდება. სამკერვალო წარმოების პროგრამის სპეციალისტების პროგრამის შემთხვევაში თითქმის 90%-ია დასაქმებული. ისინია არა მხოლოდ კომპანიებში საქმდებიან, არამედ ინდივიდუალური მეწარმეები ხდებიან. დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია -სამკერვალო წარმოების პროგრამაზე, ელექტრობაზე, კულინარიაზე, ზოგადად – მომსახურების მიმართულების პროგრამებზე ძალიან მაღალია დასაქმება. შედარებით ნაკლებია – ხალხური რეწვის პროფესიებზე“, – აცხადებს ნონა ღუდუშაური.
კოლეჯი „მერმისი“ 2012 წელს 4 სასწავლებლის რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა. ბოლო 3 წლის სტატისტიკით, წლის განმავლობაში მას 1600-დან 1700-მდე სტუდენტი და მსმენელი. წლის განმავლობაში მხოლოდ პროფესიული სტუდენტი – 1100-1150-ია.
კოლეჯის ხელმძღვანელის თქმით, „მერმისი“ამ ეტაპზე ახორციელებს 26 პროფესიულ პროგრამას. 13 მომზადება-გადამზადების პროგრამაა და 20-მდე სასერტიფიკატო კურსი. რაც შეეხება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლის დასრულების შედეგადაც პირი იღებს პროფესიის დიპლომს, ეს პროგრამები რის 5 მიმართულებისაა – ხელოვნება; ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი; ინფორმაცია და კომუნიკაციის ტექნოლოგია; ინჟინერიის წარმოება და მშენებლობა; და მომსახურება.
„ხელოვნების მიმართულებით გვაქვს ხის მხატვრული დამუშავება, მინანქარი, თექის დამზადება, გობელენის დამზადება და კომპიუტერის გრაფიკის სპეციალობა; ინჟინერიის მიმართულებით – იატაკის და ფილის მოპირკეთება, ძრავის შეკეთება, სავალი ნაწილის შეკეთება, ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული ნაწილების შეკეთება; ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით – საოფისე საქმე, ბუღალტერია; ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიის მიმართულებით – ინფორმაციული ტექნოლოგიები და ვებ-ტექნოლოგიების სპეციალობა; მომსახურების მიმართულებით – კულინარია, კონდიტერია, სასტუმრო და სარესტორნო საქმე და თმის მომსახურების პროფესიული პროგრამა. გვაქვს ჩვეულებრივი პროგრამები და ინტეგრირებული პროგრამები, რომლის დასრულებისას სტუდენტი პროფესიასთან ერთად იღებს საშუალო განათლებას და პროგრამის დასრულების შემდეგ ვაძლევთ ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული განათლების დიპლომს, ანუ ეს არის პროფესია პლუს საშუალო განათების ატესტატი. ინტეგრირებული პროგრამები არის 3-წლიანი; რაც შეეხება ჩვეულებრივ, მოდულურ პროგრამას, 10-დან 24 თვემდე გრძელდება; მომზადება-გადამზადების პროგრამები ძირითადად 3-თვიანია“, – განაცხადა კოლეჯის ხელმძღვანელმა.
გასულ წელს კოლეჯმა „მერმისის“ სამკერვალო წარმოების პროგრამა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის ჯილდო აიღო ნომინაციაში – წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სულ კოლეჯს აღნიშნული კონკურსის 4 ჯილდო აქვს.
„2018 წელს შევიტანეთ განაცხადი წლის საუკეთესო დაწესებულების ნომინაციაზე და გავიმარჯვეთ, 2019 წელს – წლის საუკეთესო სტუდენტის ნომინაციაზე და აქაც გავიმარჯვეთ და 2021 წელს – წლის საუკეთესო მასწავლებლის ნომინაციაში ავიღეთ ჯილდო. რაც დიდი სტიმულს მაძლევს იმისათვის, რომ მეტი გავაკეთო, მეტ წარმატებას მივაღწიო და მთელი დაწესებულებისთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა,“, -აცხადებს ნონა ღუდუშაური.
გარდა ამისა, 2013 წელს პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო. პირველ წელს 13 სტუდენტი ჰყავდათ. ბოლო წლებში, წელიწადში 60-80 სტუდენტი ჰყავთ.
„ძირითადად ნორვეგიის სტანდარტის და ნორვეგიის გამოცდილების მიხედვით ხდებოდა ამ სტანდარტის დანერგვა. ევროპული განვითარების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი და მივიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსშიც გავიმარჯვეთ. ბრიუსელში გადმომეცა ჯილდო და კოლეჯი „მერმისი“ დასახელდა ევროპული განვითარების ფონდის მიერ, როგორც ამიერკავკასიაში საუკეთესო მაგალითის მქონე კოლეჯი ინკლუზიური განათლების დანერგვის მხრივ. ეს არა მხოლოდ კოლეჯისთვის, ქვეყნისთვისაც დიდი ჯილდო იყო“, – ამბობს ნონა ღუდუშაური.
ინკლუზიურ განათლებას კოლეჯში 12 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ხელმძღვანელობს. ჰყავთ ასევე ჟესტური ენის თარჯიმნები და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტით მომსახურებასაც უწევთ სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებს.