თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ – როდიდან ამოქმედდება დადგენილება?
თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ, შესაბამის დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 21 ოქტომბერს მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, დადგენილების ამოქმედების ვადა 2025 წლის 1 იანვარია.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე.
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-24 წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულიად უფასოდ არეგისტრირებს.
სისტემური რეგისტრაცია არის პროცესი, რომლის დროსაც სახელმწიფო საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით, ზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, იძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და არეგისტრირებს საკუთრებას.
იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეფორმის დაწყებამდე ვერ არეგისტრირებდნენ მიწის ნაკვეთს დოკუმენტაციის არქონის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის, აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის არქონის ან სხვა დაბრკოლების გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად ასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა ნაკვეთის რეგისტრაციისთვის.