თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედროებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ თურქ სამხედრო მოსამსახურეებს დღეს თურქეთში გადაასვენებენ – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, დაღუპულთა პატივის მისაგებად სპეციალური სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად მუშაობს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა მიზეზი რაც შეიძლება მალე დავადგინოთ. მადლობას ვუხდით საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს სწრაფი რეაგირებისა და ყველა რესურსის მობილიზებისთვის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტრო ასევე უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, თითქოს თვითმფრინავს საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.
„ჩვენს ბორტზე იმყოფებოდა მხოლოდ პირადი შემადგენლობა და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ავიაციის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. საბრძოლო მასალა ბორტზე არ ყოფილა,“ – განმარტავენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ თურქული სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა 20 სამხედრო, რომლებიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.