ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების კუთხით, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლი.
„დეპარტამენტმა 2023 წლიდან, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში დაიწყო გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი. პატრულირების ეკიპაჟები დაკომპლექტდნენ გადამზადებული თანამშრომლებით. გვაქვს სპეციალური, ევროპული ტიპის გამზომი ხელსაწყოები. კონტროლის დაწყებიდან პირველი წლის ანალიზის შემდეგ, კონკრეტულ ქალაქებში მოხდა ეკიპაჟების დამატება, გადაიარაღება, შესაბამისი ადამიანური რესურსის გაზრდა, რათა ამ ქალაქებში რაოდენობრივად მეტი ავტომობილის შემოწმება შეგვძლებოდა. მიმდინარე წლის 11 თვეში 5 ათასი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თვითმიზანს არ წარმოადგენს ადამიანების დაჯარიმება. მიზანი ქალაქებში გამონაბოლქვის შემცირება და, შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებაა“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ.
ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციებს ხილული გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედების და ამ მიმართულებით კონტროლის მნიშვნელობის შესახებ. შედეგად, დიდი ქალაქების განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში საკმაოდ შემცირებულია ასეთი მანქანების რაოდენობა.
„პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენცია არის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა. ეს პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ, ბოლო წლებში, საქართველოში ისეთი დარღვევები, როგორიც არის საწვავში სხვადასხვა მძიმე ნივთიერებების, მაგალითად, ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ტარიელ ირემაძემ.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.




