„თვითდასაქმებულებს საპენსიო დანაზოგის მიღების შესაძლებლობა აქვთ“ – გიორგი ჭიჭინაძე

ახალი რეგულაციის თანახმად, თვითდასაქმებულებს საპენსიო დანაზოგის მიღების შესაძლებლობა აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საპენსიო სქემაში ჩართვა თვითდასაქმებულებს ნებაყოფლობით შეუძლიათ და ამისთვის, საპენსიო ფონდს, ან იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ.
“ჩვენ დავარეგულირეთ და განვსაზღვრეთ თვითდასაქმებულების დეფინიცია. ესენი არიან: მცირე მეწარმეები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც თვითონ ეწევიან საქმიანობას, ბრუნვა აქვთ და შემდეგ თვის, ან წლის ჭრილში ახდენენ დეკლარაციას. ასევე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენლები და დიპლომატიურ სექტორში დასაქმებული პირები. თუ აქამდე, ეს პირები ჩვენთან რეგისტრირებულები იყვნენ და ახორციელებდნენ დეკლარაციას, მათ ახლა უკვე ნებაყოფლობით შეუძლიათ საპენსიო ფონდის ოფისში, ან იუსტიციის სახლში მივიდნენ და დარეგისტრირდნენ. ჩვენ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურთან გადავამოწმებთ და იმ ინფორმაციის საფუძველზე მოვახდენთ 4%-ის შეტანას მათ პირად ანგარიშზე”, – აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.
რაც შეეხება – დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით შეძლებს – აღნიშნულის მონიტორინგი უკვე დაწყებულია.
გიორგი ჭიჭინაძე აცხადებს, რომ დამსაქმებლების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 2-ჯერ დაჯარიმების შემდეგ, საკითხი აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
“დამსაქმებლების მიერ საპენსიო დეკლარაციების შევსებასთან დაკავშირებით 2025 წლის 1-ელ მაისამდე საშეღავათო მიდგომაა და ავტომატური დაჯარიმების პრინციპი არ არის. 2024 წლის 1-ელი ივნისიდან, აღნიშნული საკითხის მონიტორინგის ფუნქცია საპენსიო ფონდს გადმოეცა და ჩვენ გვაქვს როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებები. ჩვენ ვითვალისწინებთ მონაწილის და დამსაქმებლების ინტერესებს და მათ გარკვეულ ვადებს ვაძლევთ. ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია ძველი პერიოდი 1 წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით შეავსოს, ანუ ყველა შეუსაბამობა, რაც დასაქმებულის მიმართ ჰქონდათ ერთი დეკლარაციით გაასწორონ. უკვე გააქტიურდა ბიზნესი და ჩვენ არაგეგმური შემოწმებებიც განვახორციელეთ. ძალიან ბევრი კომპანია დადებითად გამოგვეხმაურა და ძველ ვალდებულებებს ასწორებენ. ჩვენ მონიტორინგის დაწყებიდან, კომპანიებს 30 დღეს ვაძლევთ, რომ არსებული ვალდებულებები შეასრულონ. 30 დღის შემდეგ კი ვაჯარიმებთ 500 ლარის ოდენობით და ამის შემდეგ 1000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმა მოგვცა უფლება, რომ საკითხი აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადავცეთ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელ მაისიდან ავტომატურად შეგვიძლია დაჯარიმება. თუ დამსაქმებელმა 15 რიცხვამდე არ შეასრულა წინა თვის დეკლარაცია, 16-ში ავტომატური ჯარიმა ექნება. თუ კიდევ უფრო დააგვიანა, დაგვიანებულ დღეებზე დეკლარაციაში არსებულ მონაწილეთა სასარგებლოდ საურავები დაწესდება, რომელიც კანონით 8%-ით განისაზღვრება”, – აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.
bp.ge