„თვეში 30 საფურშეტო მომსახურება გვაქვს, საიდანაც კორპორაციული შეკვეთების წილი დაბალია“ – Cookero catering

კომპანია Cookero catering-ის დამფუძნებლის, ნინო ჭიღლაძის ინფორმაციით, საქართველოში საფურშეტო მომსახურება, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც ნინო ჭიღლაძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მოთხოვნის გაზრდა კომპლექსური საკითხია და ბევრ ასპექტს მოიცავს.
კომპანიის დამფუძნებელი მიმდინარე ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა, დაახლოებით 60%-ით გაიზარდა, ხოლო თვეში, კომპანია დაახლოებით 30 საფურშეტო შეკვეთას ამზადებს.
Cookero catering-ის დამფუძნებელი კორპორაციულ შეკვეთებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თვის განმავლობაში კორპორაციული სეგმენტის წილი საკმაოდ დაბალია, კერძოდ, თვის განმავლობაში 30 მომხმარებლიდან კორპორაციული შეკვეთების რაოდენობა დაახლოებით, 2-დან 3-მდე მერყეობს.
“ჩვენი მიმართულება სულ უფრო, მოთხოვნადი, პოპულარული ხდება, თუმცა სეზონურია. ცხადია, სიცივეების დროს შეკვეთების რაოდენობა იკლებს, მაგრამ როდესაც თბილი დღეები დგება – მომხმარებელთა რაოდენობაზეც დადებითი ტენდენციით აისახება. შესაბამისად, ამჟამად, ზაფხულის სეზონი გვაქვს და ძირითადად, დატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ. წინასწარი შეკვეთებიც საკმაოდ ხშირია, მომხმარებლები 1 თვით ადრეც გვიკავშირდებიან. ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას ვემსახურებით, ეს შეიძლება იყოს – კორპორაციული ღონისძიება, დაბადების დღე და ა.შ. ჩვენ პოტენციურ მომხმარებელს ფურშეტის მრავალფეროვან მენიუს ვთავაზობთ, რომელიც ნებისმიერ გემოვნებას და ბიუჯეტს მოერგება.
ამჟამად, კომპანიაში 2 ადამიანი ვართ დასაქმებული, თუმცა დიდი შეკვეთების დროს დამხმარეებიც გვჭირდება. მაგალითად, 80-100 პერსონის მომსახურების შემთხვევაში, დამხმარეები აუცილებლად საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შეკვეთები ხშირი არ არის, თუმცა თვეში 2-3 მაინც გამოერევა. თვეში დაახლოებით, 30 შერეული შეკვეთა გვაქვს, ვგულისხმობ, როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდ პერსონაზე გათვლილ მომსახურებას.
2 სიტყვა ასორტიმენტის შესახებაც მინდა გითხრათ, ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა: ცომეული, კანაპეები და ა.შ.
მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა… ზრდის ტენდენციას, პირველ რიგში, კმაყოფილ მომხმარებელს ვუკავშირებ – ერთხელ რომ აქვთ ჩვენთან შეხება, კმაყოფილი რჩებიან. ამასთან, მარკეტინგული ჩართულობა აუცილებელია, როგორც წესი, თუ სწორ სეგმენტზე იმუშავებ შედეგიც ადეკვატურია”, – აღნიშნავს ნინო ჭიღლაძე.
ცნობისთვის, კომპანია Cookero catering-ი, რომელიც მომხმარებელს საფურშეტო მომსახურებას სთავაზობს, ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი