„თეორიულად, აღწერის შედეგები ახლოს უნდა იყოს მიმდინარე დემოგრაფიულ მონაცემებთან, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდება“ – გოგიტა თოდრაძე

„თეორიულად, აღწერის შედეგები ახლოს უნდა იყოს მიმდინარე დემოგრაფიულ მონაცემებთან, მაგრამ პრაქტიკაში ეს ასე არ ხდება,“ – ამის შესახებ „საქსტატის“ ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქსტატმა 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კერძოდ, აღწერის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 000 (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 000 (47 პროცენტი) – კაცი.
აღნიშნულმა მონაცემებმა კი ეკონომისტებსა და სტატისტიკოსებს ბევრი კითხვა გაუჩინა. მათი შეფასებით, „მოსახლეობის მიმდინარე სტატისტიკასა და საყოველთაო აღწერაში აცდენა 200 ათასი კაცია, რამაც უფრო მეტი კითხვა გააჩინა“.
როგორც გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, მიმდინარე დემოგრაფიული მონაცემები, „არ არის ყოვლისმომცველი და ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სტატისტიკის დახასიათებას“.
„მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია შედარებას აკეთებს მიმდინარე დემოგრაფიულ აღღიცხვასთან. თეორიულად, აღწერის შედეგები ახლოს უნდა იყოს მიმდინარე დემოგრაფიულ მონაცემებთან, მაგრამ პრაქტიკაში ეს ასე არ ხდება.
მიმდინარე დემოგრაფიული მონაცემები გარდა შობადობისა და მოკვდავობის მონაცემებისა, ეფუძნება შსს-ის საზღვრის დაცვის მონაცემებს, რომელიც ასახავს მიგრაციული ნაკადების სტატისტიკას, თუმცა, ის არ არის ყოვლისმომცველი და ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სტატისტიკის დახასიათებას.
აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ნიუანსი: როდესაც ჩვენ მიმდინარე სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, საზღვრის კვეთის სტატისტიკაზე, აქ 6-თვიანი კრიტერიუმი გამოიყენება, ხოლო აღწერისას გამოიყენება 12-თვიანი კრიტერიუმი. ეს ნიშნავს, რომ იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც გასული 12 თვის მანძილზე მინიმუმ 6 თვე და მეტი ხანი ცხოვრობდა მოცემულ ტერიტორიაზე. აღწერისას იმიგრანტად ჩათვლის კრიტერიუმი არის 12-თვიანი კრიტერიუმი,“ – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
კითხვაზე, რატომ არ იყენებს „საქსტატი“ მიმდინარე დემოგრაფიული სტატისტიკისას 12-თვიან კრიტერიუმს, თოდრაძემ უპასუხა, რომ ამის მიზეზი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში მიმდინარე სტატისტიკას ვერ აწარმოებენ და ასევე, ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, გახანგრძლივდება მონაცემების გამოქვეყნების პერიოდი.
რაც შეეხება საყოველთაო აღწერის წინასწარ მონაცემებზე მიგრანტების ეფექტს, გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ ამაზე პასუხი დაახლოებით, 1 წელიწადში იქნება ცნობილი.
„მიმდინარე დემოგრაფიულ მონაცემებსა და საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის დაახლოებით 200 ათას კაციანი მატება არის თუ არა მიგრანტების ხარჯზე, ამის თქმის საშუალება გვექნება მომავალ წელს, როდესაც გვექნება მოქალაქეობის მიხედვით სტატისტიკა. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია და ამაზე უნდა გავაკეთო აქცენტი: განსხვავება აღწერისა და დემოგრაფიულ მონაცემებს შორის ყოველთვის არსებობდა – 2002 წელს თითქმის 1 მლნ იყო განსხვავება აღწერასა და დემოგრაფიულ მონაცემებს შორის, 2014 წელს დაახლოებით 700 ათასიანი სხვაობით იყო, ხოლო 2024 წელს 200 ათასიან სხვაობას გვაჩვენებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აღწერები 10 წელიწადში ერთხელ ტარდება და ეს საკმაოდ დიდი პერიოდებია, რომ მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. ნებისმიერი მომდევნო აღწერა უფრო ზუსტი იქნება, რადგან ტექნოლოგიურად წინ მივდივართ და დათვლა უფრო მარტივდება,“ – განაცხადა თოდრაძემ.
მისი თქმით, მომავალი აღწერა, 10 წლის მერე, კარდაკარის პრინციპით აღარ ჩატარდება.
„არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც აღწერა უზრუნველყოფს 100%-იან მოცვას. იმ ადამიანების მონაცემთა მოკრება, რომლებიც ამბობენ, რომ მათთან არავინ მისულა, მოხდა ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებით. სწორედ ეს ბოლო 2024 წლის აღწერა იყო ის, როდესაც ხელთ გვქონდა დიდი მოცულობის ადმინისტრაციული მონაცემები. მაგალითად, მოსწავლეთა, სტუდენტთა, სოციალური დახმარების მიმღებთა რეესტრი. განვითარებულ ქვეყნებში სრულად ასეთი ტიპის აღწერებზე გადავიდა და ჩვენი მომავალი აღწერა, 10 წლის მერე, კარდაკარის პრინციპით აღარ ჩატარდება, რადგან გვაქვს ადმინისტრაციული მონაცემების დიდი რეესტრი,“ – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ამასთან, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
ვრცლად: www.bpn.ge