სცენარისტი, პროდუსერი, რეჟისორი თეონა ჯორბენაძე:
ფრენდებში თუ მყავხართ ისეთები, ვინც თეატრში ნამყოფები არ ხართ (რაც არ მგონია) იმ პროპაგანდისტების მსგავსად ყველანაირ სიცრუეს რომ კადრულობენ, ის მაინც იცოდეთ, რომ “ახალი თეატრი” მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ ბიუჯეტის ფულით – ჩვენი გადასახადებით გარემონტდა!
ყოველგვარი მეგობრული სენტიმენტების გარეშე, კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა საფრთხის წინაშეა “ახალი თეატრი” როგორც სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც თავგანწირული შრომის შედეგად შეიქმნა.
ძალიან კარგად ხსნის ამას ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინაც თუ არ ვცდები კულტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. რაც მთავარია, თეატრის მკვლევარი, თეატრმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახლავთ.
ასეთი ადამიანების პოზიციის გამოხატვა და მათი მოსმენა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია.
„მე ვნახე კულტურის სამინისტროს განცხადება, სადაც წერია, რომ თეატრი გაჩერდა გარკვეული დროის განმავლობაში, მე თუ ვიცი, რომ იქ შემოქმედებითი პროცესი არ გაჩერებულა, კულტურის სამინისტრომ ხომ უნდა იცოდეს, რომ თეატრი არ არის მხოლოდ სპექტაკლების ჩვენება. ეს არის რეპეტიციები და ამჟამად, 4 ახალ დადგმაზე მიდიოდა მუშაობა.
10 წელია ვაკეთებ სტატისტიკას, მხოლოდ ფაქტებს, სადაც სუბიექტურობა არის გამორიცხული, დოიაშვილის ხელმძღვანელობით „ახალი თეატრი“ პირველ ადგილზეა სპექტაკლების ჩვენების რაოდენობით, პრემიერების რაოდენობით, საერთაშორისო გასტროლებით და ეს არის თეატრი, რომელმაც მოიზიდა ახალგაზრდა მაყურებელი თეატრის გარშემო. ეს არის თეატრი, სადაც ყველაზე მეტი ახალგაზრდა მსახიობი მოღვაწეობს და ყველაზე მეტი ახალგაზრდა რეჟისორი მუშაობს“