ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან პასუხი უნდა აგოს ამაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, „რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით ევროკავშირის მხრიდან სამ საკითხზეა საუბარი, რომელიც ცნობილი ძალიან მალე გახდება.
„რუსული კანონის” მიღების შემდგომ რეაგირების კუთხით სამ საკითხზეა საუბარი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც ძალიან მალე გახდება ცნობილი. ეს არის წინსვლის გაყინვა კანდიდატის სტატუსიდან მოლაპარაკებების ეტაპზე. მათ შორის საფინანსო დახმარების შეწყვეტა ბიუჯეტისთვის და მესამე არის უვიზო რეჟიმი რომელიც საქართველოს კონკრეტული პირობებით მიეცა. მისი გადახედვის წესები არსებობს, რომელიც შარშან მიიღეს და ამ კუთხით მაგიდაზე სამივეა განსახილველად. როდესაც ოპოზიცია ვსაუბრობდით, თუ რა საფრთხეებს ქმნიდა „რუსული კანონი” თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, სავიზო რეჟიმის შემოღებაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ იყო. მე მხარს არ ვუჭერ ხალხის დასჯას იქამდე, სანამ არსებობს ხელისუფლების ცვლის შესაძლებლობა არჩევნების გზით , მაგრამ ეს ჩვენს განწყობასა და ხასიათზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც „რუსული კანონის” მიღების შედეგად დადგა და მან უნდა აგოს პასუხი ამაზე, მათ შორის ხალხისგან”, – განაცხადა აქუბარდიამ.