თეონა აქუბარდია – ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვები ივანიშვილთან ლეგიტიმურია – არ შეიძლება ქვეყანა მართო როგორც კორპორაცია და საჭადრაკო დაფაზე პაიკები შეცვალო მაშინ, როცა ეს შენ გჭირდება

ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვები ივანიშვილთან ლეგიტიმურია – არ შეიძლება ქვეყანა მართო როგორც კორპორაცია და საჭადრაკო დაფაზე პაიკები შეცვალო მაშინ, როცა ეს შენ გჭირდება და არაფერს კარგს არ აძლევს ქვეყანას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც მან ივანიშვილს მიმართა.
აქუბარდიას თქმით, ნათელია, რომ პრემიერის ცვლილებაზე გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო.
30 დეკემბერს, ყრილობაზე ღიად აცხადებდა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა 3 კაცთან „ქართულ ოცნებაში” და ეს აღარ იყო საკმარისი, რის გამოც მობრუნდა საჯარო პოლიტიკაში თუნდაც, საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე. წესდებით სწორედ მას აქვს პრემიერობის კანდიდატის წარდგენის უფლება, ამიტომ ბუნებრივია, ეს არის სწორედ მისი გადაწყვეტილება მიუხედავად მისივე პირობისა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა. ამიტომ კითხვის მთავარი ადრესატი, თუ რას ნიშნავს პრემიერის ცვლა, რის გამო გაუშვეს ღარიბაშვილი ხელმეორედ და მოიყვანეს , ამაზე პასუხი უნდა გასცეს ჩრდილოვანმა მმართველმა, რომელიც სანახევროდ არის ჩრდილიდან გამოსული.
ჩვენ გვახსოვს 2012 წელს ივანიშვილი საჯაროდ პასუხობდა კითხვებს, მათ შორის, კრიტიკული მედიის, ხოლო ახლა დამალულია და ჩრდილშია, ამიტომ ლეგიტიმურია ამ კითხვების მისთვის დასმა. რამდენად გაბედავს პასუხს, ეს უკვე არის მისი გადასაწყვეტი. არ შეიძლება ქვეყანა როგორც კორპორაცია ისე მართო და შეცვალო პაიკები საჭადრაკო დაფაზე მაშინ, როცა ეს შენ გჭირდება და არაფერს კარგს არ აძლევს ქვეყანას,”- განაცხადა აქუბარდიამ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტში, თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ და როდის აპირებს ბიძინა ივანიშვილი ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას.
„საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება