ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ალიაქოთს ტეხს, რომ ყაველაშვილისთვის მისალმება, რაღაც შესაძლებლობად გაყიდონ, რაც აბსურდია – სალომე ზურაბიშვილი უფრო ახლოს იჯდა ტრამპთან ინაუგურაციის დროს და პირდაპირი კომუნიკაციაც არაერთხელ ჰქონდა. მათი მხრიდან სასურველი რეალობის წარმოჩენა ხდება და არა ჭეშმარიტების,- ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ვატიკანში აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის ფაქტს და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ალიაქოთს ტეხს, რომ ყაველაშვილისთვის მისალმება, რაღაც შესაძლებლობად გაყიდონ, რაც აბსურდია, თანაც, როდესაც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩახურულია, სანქციები დაედო საპატიო თავმჯდომარეს [ბიძინა ივანიშვილის] და სხვა მაღალჩინოსნებს, „MEGOBARI აქტისა“ და ჰელსინკის მწვავე განცხადებების ფონზე. მისალმებას, ხელის ჩამორთმევას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არც სანქციების რეჟიმი მოხსნილა, არც სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენილა. ეს მცდელობაა, რომ საზოგადოებში გაყიდონ მოსაზრება ურთიერთობების დალაგების შესახებ. სალომე ზურაბიშვილი უფრო ახლოს იჯდა ტრამპთან ინაუგურაციის დროს და პირდაპირი კომუნიკაციაც არაერთხელ ჰქონდა. მათი მხრიდან სასურველი რეალობის წარმოჩენა ხდება და არა ჭეშმარიტების“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ასევე, თეონა აქუბარდია, ეკონომიკის მინისტრის აშშ-ში ვიზიტსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მის შეხვედრებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტის დროს ლევან დავითაშვილისთვის გზავნილი გადასცეს, რომელიც მას საქართველოში, „თავისი პატრონისთვის“ უნდა ჩამოეტანა.
„აშშ როგორც ტერორისტულ, ისე ავტორიტარულ სახელმწიფოებსაც ესაუბრება, მათ შორის რუსეთს. ამიტომ საუბარი მიმდინარეობს საქართველოსთან. ლევან დავითაშვილის უშიშროების საბჭოში საუბარი გარკვეულწილად გზავნილის გადაცემაა. ბუნებრივია, აშშ-ს რეგიონთან დაკავშირებით ინტერესი აქვს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ღიად დაუპირისპირდა. ამ ვითარებაში კი ლევან დავითაშვილს გზავნილები უნდა ჩაეტანა საქართველოში, თავისი პატრონებისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და გაძლიერებას – ურთიერთობის განახლება სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა აშშ-ს როგორც მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმოსახვისათვის. იმ დონეზეა ყველაფერი მისული, რომ თუ ლევან დავითაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში, დაბალი რანგის თანამშრომელს შეხვდება, დიდ გამარჯვებად ასაღებენ. აშშ მზად არის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გააღრმაოს, თუ ქვეყანა დემოკრატიის გზას დაუბრუნდება. “MEGOBARI აქტის“ მიღების შემდეგ კიდევ უფრო მკაცრი იქნება აშშ-ს დამოკიდებულება. „ქართულმა ოცნებამ“ ორი რამ ვერ შეძლო- ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა, ვერც ქართველი ხალხის ნდობა, ვერ წინააღმდეგობა შეაჩერეს და ვერც სანქციებისგან დაიცვეს თავი“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი ირაკლი ღარიბაშვილის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ „მისი მთავარი ოპონენტის მოშორება შეძლო“.
„მიუხედავად იმისა, რომ მის პერსონასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, კორუფციასთან და კერძო თვითმფრინავის გამოყენებასთან დაკავშირებით, ის უსანქციოდ წავიდა. მე არ ვიცი, კიდევ როდის დასჭირდება მის პატრონს მისი პოლიტიკაში შემობრუნება. ფაქტია, რომ კობახიძემ მისი მთავარი ოპონენტის მოშორება შეძლო და სრულიად ავტორიტარული ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა თავის ხელში.
მისი ოპოზიციონერობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუქმნის პრობლემებს. მეეჭვება ვინმემ დაიჯეროს, რომ ღარიბაშვილი ჭეშმარიტად ოპოზიციონერია და იმას უპირისპირდება, რაც მან დაიწყო, ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი ომახიანი ავტორია. ახლა ყველაზე საშიში კობახიძეა – თავისი განუზომელი, ავტორიტარული ძალაუფლებითა და თავისი ბიჭებით. ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა არ აქვს, კობახიძეზე ერთგული და პირდაპირი დავლებების შემსრულებელი მას არ ჰყავს არავინ. ბოლო საჭადრაკო სხვლაა მის დაფაზე და ამის შემდეგ ძალიან მიჭირს, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი, როგორც თვითონ ამბობს, „ტრიუკების“ ოსტატია“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება ვარაუდს, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად შესაძლოა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებიც ჩაატაროს, მისი შეფასებით, ეს შესაძლებელია რომ მოხდეს, რითაც „ოცნება“ თავისთვის სასურველ შედეგს მიიღებს.
„ლოგიკურია, რომ სანქციებისა და ლეგიტიმაციის ვერ მიღების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ გამოსავლად არჩევნები ჩაატაროს, იმგვარად, რომ თავისთვის სასიკეთო შედეგი მიიღოს. 6 თვეა სამართლიან გარემოში ახალ არჩევნებს ვითხოვთ. ჩვენი პარტია ემზადება ამ შესაძლებლობისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი არ დაისაჯოს. ის პიარ კამპანია, რომელიც „ოცნებამ“ წამოიყო, რაც სუვერენიტეტსა და უვიზო მიმოსვლას შორის არჩევანის გაკეთებას გულისხმობს, აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ხალხისათვის კარის გამოჯახუნება უნდათ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
