ახლა არავინ თქვას, რომ მართლა ზურგზე მოიკიდა გახარიამ ჩორჩანას საგუშაგო და ისე ჩადგა, რომ კაციშვილმა [არ იცოდა] – თუ უნდათ ხალხს დააჯერონ, რომ ეს ისე გააკეთა გახარიამ, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საერთოდ ბრმები და ყრუები იყვნენ; რომ სახელმწიფო საერთოდ არ გვქონდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში გახარიას „კრიტიკოსი“ იყო, გახარიას „ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება სწორედ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა იყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე“.
„როდესაც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ღიად გამოდიოდა ტერიტორიული პრეტენზიით არა მხოლოდ ჩორჩანას ტერიტორიასთან დაკავშირებით, არამედ თრუსო-გუდაურის და კობის მიმართულებით და ამბობდა, რომ ეს ტერიტორიები ძირძველი ოსური ტერიტორიები იყო, ამ პროცესში საგუშაგო სრულად ლეგიტიმური იყო. ახლა არავინ თქვას, რომ მართლა ზურგზე მოიკიდა გახარიამ ეს საგუშაგო და თვითონ ისე ჩადგა, რომ კაციშვილმა [არ იცოდა]. თუ მათ უნდათ ხალხს დააჯერონ, რომ ეს ისე გააკეთა გახარიამ, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საერთოდ ბრმები და ყრუები იყვნენ; რომ სახელმწიფო საერთოდ არ გვქონდა.
პარალელს ვავლებ ჩორჩანას ბრალთან დაკავშირებით გახარიას მიმართ, აგვისტოს ომის გამოძიების შედეგთან. „ღალატის კომისიის“ სახელით ცნობილი წულუკიანის ანგარიშში საქართველოს 2008 წელს ომის დაწყება დააბრალეს. [„ქართული ოცნება“] ამზადებს იმას, რომ, ერთი მხრივ, რუსული ნარატივის თანახმად, შეფასება მოხდეს ომის ბრალეულობასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აღარ არის ბრალდებული, არამედ არის საქართველო. ეს მას იმის საფუძველს უხსნის, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. მარიონეტულ რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გააფორმოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მონაწილე ამ ომში არ ყოფილა, რაც წულუკიანის ღალატის კომისიამ და ივანიშვილის ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა. ეს ნიშნავს ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დაწყებას.
ეს, მათ შორის, გზას უხსნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. მთავარი პრობლემა რატომაც არ გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ეს იყო აგვისტოს ომი და ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს გზას უხსნის რუსეთის იმ მოთხოვნის შესრულებას, რომელიც ჟენევის დისკუსიებში სულ ახლახან, წინა კვირას, კიდევ ერთხელ გახმოვანდა ნატო-სთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ჟენევის 62-ე რაუნდზე, რუსეთმა პირველად განაცხადა პრეტენზია საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერზე, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს აქამდე, 2008 წლიდან მოყოლებული, არასდროს უთქვამს. ამით გამოხატა უკმაყოფილება, რომ ივანიშვილის რეჟიმს რომ არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, იყო პრობლემა. რუსეთი ღიად ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სამეზობლოში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის ქონა.
თუ ისინი ახალ არჩევნებს ჩანიშნავენ, იქნება ეს რეფერენდუმი და ყბადაღებული ნეიტრალიტეტი, რომელიც აბსოლუტურად რუსული პროექტია. ამას, ერთი მხრივ, რუსეთში მომუშავე ეთნიკურად ქართველი რუსეთის დასაყრდენი ძალა ლობირებს, მეორე მხრივ, საქართველოში ასევე, რუსეთის ინტერესების გამტარი მეხუთე კოლონა.
ეს აჩვენებს საბოლოო მიზანს, რუსეთმა გააფორმოს ის გამარჯვება, რომელიც უკვე აქვს საქართველოში. ამის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არის წინააღმდეგობა, რომელიც მიმდინარეობს. ამ წინააღმდეგობის მასშტაბები აუცილებლად უნდა გაიზარდოს. აქ მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური პროცესის არ ქონა და მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეებსა და სამოქალაქო აქტივიზმზე ამ პროცესის გადატანის ტვირთი. ძალიან ბევრი გვაქვს გასააზრებელი. რაც მთავარია, ადეკვატურად გვაქვს შესაფასებელი რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ივანიშვილი და ვინმე კობახიძე არ არის. აქ არის რუსეთი“,- განაცხადა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, აქუბარდიამ ისაუბრა 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც და აღნიშნა, რომ „28 ნოემბერი ერთ თარიღად კი არა, არამედ იმ პროცესად უნდა აღვიქვათ, რომელიც ამ ერთ წლის განმავალში განვითარდა“.
„ევროკავშირთან გაწევრიანება არ ვფიქრობ, რომ დაპაუზებულია, ვფიქრობ, დასრულებულია ამ რეჟიმის პირობებში. თუ თქვენ ევროკავშირის ბოლო გაფართოების ანგარიშს ნახავდით, იქ ეწერა, რომ მხოლოდ სათაური დარჩა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არა თუ წინსვლის შესაძლებლობა ან რაღაც იმედი უნდა გვქონდეს, არამედ არსებულის დაკარგვის. ეს იმ პროცესის მაჩვენებელია, თუ როგორ უფრო მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის მხრიდან კარი ჰქონდა ღია.
როდესაც ვსაუბრობთ შეცდომებზე, შეცდომები იყო ძალიან ბევრი. შეცდომები იყო რეჟიმის არაადეკვატური შეფასება და აქ არ არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკურ ბრძოლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საუბრობდა „რუსული კანონი“, „რუსული რეჟიმი“, ბოლომდე არ იყო ადეკვატური აღქმა იმისა, თუ რას ნიშნავს ეს „რუსული რეჟიმი“. როდესაც საუბარია არჩევნებზე. ვხედავდით რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი იყო, რომ ივანიშვილთან ერთად საქართველოში ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით სწორედ რუსეთი მოქმედებდა, რომ საქართველოში ერთადერთი გამარჯვება ჰქონოდა. თუ გადავხედავთ რუსეთს უკრაინის ფრონტზე თუ სხვაგან, გამარჯვება არ აქვს და ერთადერთი გამარჯვებული საქართველოშია. მთავარი პრობლემა იყო ამ ვითარების არაადეკვატური კონტექსტის აღქმა, ვისთან გვქონდა საქმე. ეს არ იყო მხოლოდ ივანიშვილი, ეს იყო რუსეთი“, – განაცხადა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, აქუბარდიამ ისაუბრა არაბული საინვესტიციო ჯგუფის – „იგლ ჰილსის“ პროექტზეც და აღნიშნა, რომ „მთავარი კითხვა არის ის თუ, რატომ მალავენ და რატომ ასაიდუმლოებენ ხელშეკრულებას“.
„რა თქმა უნდა, ყველა ინიციატივა, რომელიც დღეს ივანიშვილის სახელს უკავშირდება, მათ შორის ოთხად მოკეცილი ივანიშვილი, რომელიც ვასალივით ეახლა ინვესტორს, აჩვენებს იმას, რომ მისი ფული არის მთავარი და არა ხალხი და ქვეყანა. ამიტომაც არის შეთანხმება საიდუმლო და ამიტომაც გამოაგორეს ირაკლი კობახიძე „პრომო ბიჭუნასავით“ იმ სარეკლამო რგოლში“, – განაცხადა აქუბარდიამ.




