4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ელოდებოდა თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაციას, მეორეს მხრივ, ითხოვენ, რომ მოხდეს 4 ოქტომბრის საღამოს დაგმობა, ვერც ერთი მიიღეს და ვერც მეორე, არიან გამწარებულები , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ გამარჯვების ბოლომდე გაფორმებას ცდილობს და მას ამისთვის დასავლეთის ლეგიტიმაცია სჭირდება.
„არიან გამწარებულები იმ დონეზე, რომ გერმანიის წინააღმდეგ კვლავ ხდება გებელსის გამოყენება. გებელსი იყო ჰიტლერის მთავარი პროპაგანდისტი და მეგობარი. რუსეთი ნაციზმს ებრძვის უკრაინაში და შესაბამისად კობახიძეც იმავეს ატრიალებს, ამ კუთხით ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა.
ასევე, გუშინ ვნახეთ ჩვენ [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში] ელჩის დაბარება. [თამარ] ტალიაშვილის მონათხრობიდან მათ როგორც ჩანს, დაასკვნეს, რომ შეუძლებელია დალაგება და ახლა ახალი ცეცხლი აქვთ გახსნილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ.
მთელი პროცესი მიდის იქითკენ, რომ ახლა „ქართული ოცნება“ შეეცდება (მათი გაგებით) გამარჯვების ბოლომდე გაფორმებას. ამ გამარჯვებას ორი რამ აკლია. ერთის მხრივ დასავლეთიდან აღიარება იმისა, რომ ესენი არიან გამარჯვებულები, მეტი არავინ და „მოდი, იქნება დაველაპარაკოთ“. მეორე, პარლამენტში შეივსოს ოპოზიციის არსებული კვოტა, რომელიც ქაღალდზე არსებობს და ამით დაამთავრონ მოგების ფაზა, რის შემდეგაც, პოლიტიკის გაქრობის ფაზამდე ერთ ნაბიჯია დარჩენილი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპის „კარის გაჯახუნებას“ ვერ ახერხებს, ამიტომ ცდილობს, თვითონ ევროპამ თქვას უარი საქართველოზე.
„ისინი კარს ბოლომდე ვერ იჯახუნებენ, ამიტომ ატყუებენ ხალხს, რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიან. თუ უარს პირველები იტყვიან, ხალხი მათ წინააღმდეგ წავა იმიტომ, რომ ხალხს უნდა ევროპა და ევროპული კარგი ცხოვრება. ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ევროპამ თქვას უარი და არა მათ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
