პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე. მე დარწმუნებული ვარ,რომ პრეზიდენტი საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება ახლაც და მომავალშიც იმიტომ, რომ საქმე ძალიან ბევრი და საქართველოს ელოდებიან ევროკავშირში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც როდესაც ისაუბრა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესაძლო დასახელებაზე.
რაც შეეხება პრემიერ მინისტრობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელებას, აქუბარდიას თქმით, ამ ეტაპზე, პრეზიდენტს თავის სურვილზე არ უსაუბრია პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს მოგვიანებით იქნება, აქუბარდიას თქმით, შესაძლოა, ეს ყველაზე კარგი და კონსენსუსური გზა იყოს.
„ქარტია არის ევროპული 9 რეკომენდაციის შესრულების საერთო გეგმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იმისთვის, რომ გავხსნათ ის კარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაკეტა. იმავდროულად, „ტექნიკური მთავრობა“, რომელსაც ხელმოწერით ჩვენც შევუერთდით, არის შესაძლებლობა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გავუშვათ ოპოზიციაში და „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების შესაძლებლობა არ დავუშვათ.
ჩვენი პოზიცია საჯარო და ღიაა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობას, თუნდაც მეთაურს, როდის დაასახელებს. ჩვენ პროცესში ვრჩებით. ახლა, მთავარია არის 26 ოქტომბერი, რისთვისაც ერთი კვირა დარჩა, ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს გამარჯვების უზრუნველყოფა. სხვა დანარჩენი უკვე არის შემდგომი პროცესი და ძალიან შრომატევადი საქმე იმისთვის, რომ ყველა ის დაზიანებული საქმე, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ შექმნა, მათ შორს, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობები არათუ დავალაგოთ, არამედ გავაუმჯობესოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად.
ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დაასახელებს პრეზიდენტის „ტექნიკურ მთავრობას“, ეს იქნება ექვს თვეში, თუ შემდგომ. ტექნიკური მთავრობა“ ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამობრუნების და „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გაშვების შესაძლებლობაა.
როდესაც პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე გვექნება ჩვენი პოზიცია ისევ და ისევ, ერთი დათქმით – ტექნიკურ მთავრობაში არცერთი პირი არ უნდა იყოს ნამყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ხელისუფლებაში, რომელთა დაკავშირებითაც ძალიან მძიმე შეფასებები და დანაშაულები ყველას გვახსოვს. ქარტია არის საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული 9 რეკომენდაციის უზრუნველყოფის გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არამხოლოდ გააჩერა, არამედ ქვეყანას ევროპისკენ გზა ჩაუკეტა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება 20 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპულ მარშს, აქუბარდიას თქმით, აღნიშნული მარში კიდევ ერთხელ გამოხატავს იმას, რომ საქართველო არამხოლოდ ირჩევს, არამედ უკვე არჩეული აქვს ევროპა, ოჯახი, სადაც საქართველოს ელოდებიან.