თეონა აქუბარდია – „ოცნებას“ კომიკური დანიშვნები აქვს დიპლომატიურ მისიებში, ჯუანშერ ბურჭულაძე რა კავშირშია ან ნატო-სთან, ან დიპლომატიურ მისიასთან მისი გამოცდილებით ან განათლებით? – ჩიქოვანს მეტი შესაძლებლობები აქვს, თუ ამის გასაქანი ექნება

“ოცნებას” კომიკური დანიშვნები აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებში, ჯუანშერ ბურჭულაძე რა კავშირშია ან ნატო-სთან, ან დიპლომატიურ მისიასთან მისი გამოცდილებით ან განათლებით? – ირაკლი ჩიქოვანს დაწინაურებას ვულოცავ, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას, ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის ნატო-ში ელჩად წარდგენის შეთავაზებას.
აქუბარდიას თქმით, თავდაცვის სფეროში განსაკუთრებულ რეფორმებს არ ელოდება, თუმცა, ფიქრობს, რომ ჩიქოვანს თუ შესაძლებლობა მიეცა, უკეთესი მინისტრი იქნება.
“ცალსახად უკეთესი იქნება ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრად, ვიდრე იყო მისი წინამორბედი, რადგან მას აქვს გარკვეული გამოცდილება ისევე, როგორც ცოდნა ამ სფეროსი და ვფიქრობ, მისთვის შორეული არ არის თავდაცვის საკითხები. ნამდვილად გულწრფელად ვულოცავ მას ამ დაწინაურებას და მინდა იმედი ვიქონიო, რომ გამოცდილება, რაც წინა მინისტრთან პარლამენტში გვქონდა, როცა სადეპუტატო კითხვებზე პასუხსაც აღარ იძლეოდა, გაუმჯობესდება მაშინ, როცა პარლამენტიდან მიდის მინისტრი იქ. თუმცა, ჯამში სურათი არ შეიცვლება “ქართული ოცნების” პირობებში.
“ქართულ ოცნებას” არ განუახლებია თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რაც კანონმდებლობით მთავრობის ვალდებულებაა და მაშინ, როცა ს აგრესიისგან გამომდინარე დიდი გამოწვევის წინაშე დგას საქართველო, არც თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა გვახსოვს, თუნდაც, დაპირებულ 2 პროცენტზე და არც რაიმე ტიპის დიდი შეიარაღების შესყიდვა. ასე რომ არ ველოდები ფუნდამენტურ ცვლილებებს და რეფორმებს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე და იქიდან, რომ ვიცნობთ ჩიქოვანს პარლამენტში, ეს კარგ სასტარტო პირობებს იძლევა. ხოლო როგორ გამოიყენებს ამას, როგორ უხელმძღვანელებს მთავრობის კაბინეტს, ეს ამაზე იქნება დამოკიდებული. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კობახიძე იყოს ის პირი, ვისაც თავის ქვეყნის ჯარი და ტერიტორიული მთლიანობა დიდად აღელვებს. ის არასდროს არც საოკუპაციო ხაზზე ყოფილა, სამხედრო აღლუმის დროს არ მდგარა იქ, სადაც ჩვენ ვიდექით, როცა გვეძახდნენ. ასე რომ არ მგონია, ემოციური ბმა ჰქონდეს ჯართან, მაგრამ ჩიქოვანს მეტი შესაძლებლობები აქვს, თუ ამის გასაქანი ექნება,”- განაცხადა აქუბარდიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ნატო-ში ელჩად წარდგენა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს არაფერს არგებს.
“ქართულ ოცნებას” იმდენად კომიკური დანიშვნები აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებში, ნამდვილად არ გამიკვირდება ბურჭულაძის ნატო-ში ელჩად დანიშვნა. ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე რა კავშირშია ან ნატო-სთან, ან დიპლომატიურ მისიასთან ან მისი გამოცდილებით ან განათლებით? ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს იქნება თანაგუნდელის პოლიტიკური მოშორება, რაც არც ნატო-ში გაწევრიანების კუთხით არგებს რაიმეს ქვეყანას და არც საქართველო- ნატო-ს პარტნიორობას. მაგრამ რა დანიშვნებიც გვაქვს ნანახი, არც პირველი იქნება, არც უკანასკნელი,”- განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ