მაკა ბოჭორიშვილის განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური საკითხია, არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომ დააკნინოს გადაწყვეტილების სიმძიმე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
როგორც თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება არის დასაწყისი, რადგან საუბარია დამატებით შეზღუდვებსა და სანქციებზეც.
„ძალიან მძიმეა როცა უყურებ, რომ შენი ქვეყნის წარმომადგენლობას დიპლომატიური პასპორტები უუქმდება. ქვეყანას მართავს არა ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურშია, არამედ რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ატარებს, რუსეთთან ერთად. მაკა ბოჭორიშვილმა რაც არ უნდა უმტკიცოს თავის თავს, რომ მინისტრია, ყველამ იცის, რომ ის არის არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც რეჟიმის სახელი ჰქვია, თავისი უხეირო დიქტატორით. მაკა ბოჭორიშვილის განცხადება, რომ ეს ტექნიკური საკითხია, არის ძალიან უსუსური მცდელობა, რომ დააკნინოს ამ გადაწყვეტილების სიმძიმე.
დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქართველი ხალხია მთავარი ელჩი ევროპისკენ მიმავალ გზაზე და სახალხო პროტესტი, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს და არა დე-ფაქტო მთავრობა. ეს არის დასაწყისი. საუბარია დამატებით შეზღუდვებსა და სანქციებზეც“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება ქონებრივი დეკლარაციების შევსების საკითხს, თეონა აქუბარდია გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განაცხადებას, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები არ შეავსებენ დეკლარაციას იმიტომ, რომ ისინი არ მიიჩნევენ საკუთარ თავს საქართველოს პარლამენტის წევრებად. თეონა აქუბარდიას განცხადებით, უადგილოა ლეგიტიმაციაზე მითითება, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
„არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ რომის პაპზე მეტად კათოლიკე ვარ, არც მათი გადაწყვეტილების განსჯას არ ვაპირებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც დეპუტატმა შარშან შევავსე დეკლარაცია და წლევანდელი ვალდებულება მაქვს, 2024 წლის, როდესაც მე ვიყავი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. არასდროს არაფერი დასამალი არ მქონია და არც ვაპირებ, რომ რამე დავმალო. არ მგონია ოპოზიციის ინტერესი იყოს, გააცოცხლოს ლეგიტიმაციის საკითხი, როდესაც ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი ფაქტობრივად მკვდარია და არანაირი შანსი არ აქვს. არ ვფიქრობ, რომ ლეგიტიმაციაზე თუნდაც რაიმე ტიპის კითხვის ნიშნების დასმა, სასარგებლო იყოს იყოს ოპოზიციური სპექტრისთვის. უადგილო მგონია ლეგიტიმაციაზე მითითება, როდესაც ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა თეონა აქუბარდია.
