თეონა აქუბარდია – მაინტერესებს, რას აკეთებს ხელისუფლება, რომ შეიქმნას ევროპული სია, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ ანალოგი – ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ფასი გადავახდევინოთ რუსეთს

დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მორიგ ჯერზე თავი შეირცხვინა იმით, რომ აქამდე ხმა ვერ ამოიღო საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შესაფასებლად და ამ მძიმე ფაქტის დასაგმობად. აღნიშნულის შესახებ აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ევროკავშირის რეზოლუციაზე, რომელმაც მისი თქმით, შეაფასა და დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის მოსპობა.
„მაშინ, როდესაც ევროპარლამენტმა, გარდა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტზე მეტი მხარდაჭერა გასწია საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტისთვის, საქართველოს პარლამენტმა მორიგად თავი შეირცხვინა იმით, რომ აქამდე ხმა ვერ ამოიღო ჩვენი მოქალაქის მკვლელობის შესაფასებლად და ამ მძიმე ფაქტის დასაგმობად ჩვენ პარტნიორებზე მოწოდებისთვის, ისევე როგორც მთავრობისთვის მოეწოდებინა შესაბამისი ქმედებების განხორციელება, იმ ქმედებების, რომელიც ოპოზიციის მიერ ინიცირებული რეზოლუციის თანახმად არაფერ განსხვავებულს მოითხოვდა, გარდა მთავრობის დადგენილების – „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიის გაფართოებას და იქ თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანას. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს ერთი სიტყვა არ დასცდენია თუ რას აპირებს ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მე ძალიან მიხარია ბატონი ს ევროპარლამენტარებისთვის [გადახდილი] მადლობა და მიხარია იმიტომ, რომ აქამდე ის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ახსენებდა ევროპარლამენტარებს, მაგრამ მადლობის იქით სიტყვა არ თქმულა იმაზე, თუ რას აპირებს საქართველოს პარლამენტი, ორგანო, რომელიც განსაზღვრავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებს“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა რეზოლუციით მთავრობას მოუწოდა, ევროკავშირს მიაწოდოს იმ ადამიანების სია, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს.
„ჯერ არც კი ვიცით, არის თუ არა დადგენილი თამაზ გინტურის მკვლელები, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ზარქუა როდესაც სოფელ კირბალში, თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სახელმწიფომ იცის, ვინ არიან მკვლელები და ყველაფერს გააკეთებს მათ გამოსავლენად. შესაბამისად, მაინტერესებს, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, პარლამენტი იმისთვის, რომ შეიქმნას ევროპული სია, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ ანალოგი. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, პოლიტიკური ფასი გადავახდევინოთ ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთს იმ მკვლელობებისთვის, გატაცებისთვის და უამრავი დანაშაულისთვის, რასაც ის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ