თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას – კვლავ ვარ იმ აზრზე, რომ უნდა გადადგეთ, მაგრამ რადგან დარჩენის გადაწყვეტილება მიღებულია, იყოს ასე – მოგიწოდებთ, შევძლოთ ელემენტარული მსჯელობა თავდაცვის საკითხებზე

მე, რა თქმა უნდა, კვლავ ვარ იმ აზრზე, რომ თქვენი თანამდებობის შესაფერისი არ არის ეს ადგილი და უნდა გადადგეთ, მაგრამ რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდში, იყოს ასე – მოგიწოდებთ, შევძლოთ ელემენტარული მსჯელობა თავდაცვის საკითხებზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარისგან, ირაკლი ბერაიასგან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, პირველად ესწრება.
როგორც მან აღნიშნა, ამ კომიტეტში დეპუტატებმა უნდა შეძლონ და იმუშაონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
„მე არ ვყოფილვარ თავდაცვის კომიტეტზე იმის შემდეგ, რაც მოხდა პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ასეთი მძიმე პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. მთავარი საკითხი, რაზეც თქვენ საუბრობდით იყო ის, რომ მე არ მეხსენებინა თქვენი და თქვენი კომიტეტის სახელი. მე ვარ ამ კომიტეტის წევრი, ეს არ არის არც ირაკლი ბერაიას, არც „ქართული ოცნების“ და არც რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატის კომიტეტი. ეს არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. ამ კომიტეტში ჩვენ უნდა შევძლოთ და ვიმუშაოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობ პარლამენტში. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რომ, მიუხედავად პროტესტისა, ვართ პარლამენტში წარმოდგენილები, ამასთან დაკავშირებით, იყო ინიციატივა. თქვენ არ დატოვეთ თქვენი თანამდებობა და არ გადადექით, ვფიქრობ, რომ ეს სწორი იქნებოდა. კვლავაც ხართ თანამდებობის არა შესაფერის სავარძელში, რაც ვფიქრობ, რომ არც თუ ისე სწორია. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ თავდაცვის კომიტეტიდან არ გავიდა, იმიტომ, რომ თავდაცვის საკითხები არის უფრო მაღლა მდგომი, ვიდრე ნებისმიერი პირადი შეურაცხყოფა თუ მოწონება არ მოწონების საკითხი. მე, რა თქმა უნდა, კვლავ ვარ იმ აზრზე, რომ თქვენი თანამდებობის შესაფერისი არ არის ეს ადგილი და უნდა გადადგეთ, მაგრამ რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდში, იყოს ასე, აიღოს ეს ტვირთი „ქართულმა ოცნებამ“. ვაპირებ მუშაობას თავდაცვის კომიტეტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა, კომიტეტში ისე მუშაობას ისე შევძლებთ, არაფერს ხელი არ შეეშლება. და როცა საუბარი გვაქვს 9 რეკომენდაციის შესრულებაზე, მათ შორის ერთ-ერთი არის თავდაცვის კომიტეტის, უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, თქვენ შეძლებთ გადააბიჯოთ საკუთარ ბრაზს, წყენას თუ სხვა ბევრ რამეს და ოპოზიციას არ გაწევთ საკომიტეტო საქმიანობიდან, როგორც ეს იყო საზედამხედველო ვიზიტებთან დაკავშირებით და ასევე საპარლამენტო დიპლომატიიდან. თქვენ ზაფხულის შემდეგ დადიხართ მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ შემადგენლობით ვიზიტებში ისე, რომ ოპოზიციიდან არცერთი დეპუტატი არ დაგყავთ. მოგიწოდებთ, რომ რადგან რჩებით ამ სავარძელში და ამ ტვირთს იღებთ, მოიქცეთ ისე, როგორც ეს თქვენს თანამდებობას შეეფერება და შევძლოთ ელემენტარული მსჯელობა თავდაცვის საკითხებზე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს აზრებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა“, – მიმართა თეონა აქუბარდიამ ირაკლი ბერაიას.