თეონა აქუბარდია – ივანიშვილი არ ენდობა პრემიერს და არც მისი გუნდის იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ სისტემის შესანარჩუნებლად – დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება თუ ის პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს

როგორც ჩანს, ივანიშვილი არ ენდობა მოქმედ პრემიერს და არც მისი გუნდის თუნდაც იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ მის მიერ შექმნილი სისტემის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილებას, რომლის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს.
აქუბარდიას განცხადებით, ეს ერთპიროვნული უფლება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილს აღარ აქვს ფუფუნება ჩრდილიდან იმ ფორმით მართოს ქვეყანა, რა ფორმითაც მართავდა.
„ამ მოცემულობაში, როცა თავად ივანიშვილი ამბობს, რომ 3 კაცთან საუბარი საკმარისი აღარ არის და მან ასევე კორუფციის რისკებზე ისაუბრა და იმ შიშებზე, რის გამოც მობრუნდა პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარის სახით, ეს ყველაფერი თეორიულად უშვებს შესაძლებლობას, რომ არ ენდობა მოქმედ პრემიერს და მისი გუნდის თუნდაც იმ 2- 3 კაცს, რომელთანაც „საუბარი აღარ იყო საკმარისი“ (როგორც თავად თქვა ივანიშვილმა), მის მიერ შექმნილი სისტემის შესანარჩუნებლად, შესაბამისად, ეს ერთპიროვნული უფლება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მას აღარ აქვს ფუფუნება ჩრდილიდან იმ ფორმით მართოს ქვეყანა, რა ფორმითაც მართავდა მიუხედავად იმისა, რომ საპატიო თავმჯდომარეობაც ჩრდილია და დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება ქვეყანაში თუ ის არ დაიკავებს პოლიტიკურ თანამდებობას და არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა აქუბარდიამ.