ეს პროცესები აჩვენებს, რომ ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის კარზე და ძალაუფლება სრულიად აიღო – ამ პროცესებს კორუფციასთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ქრთამის აღების ფაქტზე, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული თუ რა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ.
„შეთქმულების თეორიები, რომლებსაც ვისმენთ, აჩვენებს, რომ ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის კარზე და ძალაუფლება სრულიად აიღო. ლილუაშვილის სუს-ის უფროსი იყო და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი თავად ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის მარტივი. მაგრამ, თუ რამდენად გაუვიდა ბოლომდე ირაკლი კობახიძის ძალაუფლების კონცენტრაცია, ამას მომავალ წელს ვნახავთ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამ პროცესებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაძლოა, ამ ნაბიჯით კობახიძემ რაიმე რისკები გადააზღვია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, თეონა აქუბარდია ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიან გირაოს შეფარდებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „საბოტაჟის საქმის“ გააქტიურება, მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. ასევე, აქუბარდია მიჩნევს, რომ ზურა ჯაფარიძემ შეფარდებული გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს.
„ეს სისხლის სამართლის საქმე ჩამოკიდებული იყო, როგორც ზურაზე, ისე სხვა პოლიტიკოსებზე, მაგრამ ამ საქმის მსვლელობა თებერვლის თვისთვის იყო დაანონსებული, თუმცა ზურას შემთხვევაში ამ საქმის მსვლელობა სწრაფად დაიწყო, მას შემდეგ რაც, ზურას პოლიტიკური აქტივობა ჰქონდა, შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ პროცესებს ზურასთვის 2 გზავნილი ჰქონდა – ან უნდა გაჩერებულიყო, ან უნდა წასულიყო და რადგან არცერთს ჰქონდა ადგილი, მყისიერად დაიწყეს ამ საქმის გამოყენება. არ ვთვლი, რომ პოლიტიკოსის ციხეში ყოფნა, როდესაც გირაოს გადახდის შანსი არსებობს, კარგის მომტანი იყოს გინდ ქვეყნისთვის, გინდ ოჯახისთვის. სჯობს, გირაო გადაიხადოს, ეს ბრალის აღიარებას არ ნიშნავს. რთული წელი გველოდება, ამიტომ უნდა დაიწყოს ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და გაძლიერება იმისათვის, რომ ამ ბრძოლაში გარკვეული ძალა იყოს ოპოზიციური სპექტრის მხარეს.
სწორედ მის მიერ ჩატარებული პრესკონფერენცია იყო მის წინააღმდეგ საქმის გამღიზიანებელი. ასევე მისი გამოსვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინები, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ სპექტრს შორის დაიწყოს კოორდინაცია. ზურა ახალ პროცესს უდებს სათავეს და ამ დროს მისთვის გირაოს შეფარდება, დამთხვევა არ მგონია იყოს. დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს, რომ მტერთან მარტო დარჩენილ საქართველოს კიდევ უფრო შავი დღე არ ეწიოს. რუსეთი საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ითხოვს, მეორე მხრივ, მან ბიძინა ივანიშვილის ხელით მიიღო ის, რომ ქვეყანა ევროპისკენ აღარ მიდის და აღარც დემოკრატიის განმტკიცებაზეა საუბარი. ასევე, საგარეო პოლიტიკის ის მიზნები, რომელიც საქართველოს ჰონდა, სრულად ააყირავეს, ეს კი კარგად გამოჩნდა ელჩების კონფერენციაზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება 22 დეკემბერს გამართულ ელჩების კონფერენციას, თეონა აქუბარდიას შეფასებით, „მორჩილი დიპლომატიური კორპუსი და ძლივს მოსაუბრე ყაველაშვილი ვნახეთ, რომელსაც დაწერილი ტექსტის კითხვა უჭირდა“.
„გამოჩნდა, რომ 2019 წლის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულება – ქვეყნის მშვიდობიანი გზით განვითარება და დეოკუპაცია, აღარ არსებობს, რადგან ამაზე იქ სიტყვა არ თქმულა. კონფერენციაზე არაფერი არ თქმულა გარდა იმისა, რომ უცხოეთი და დასავლეთი ერევა საქართველოს საქმეებში და რომ რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ასევე, საუბარი არ ყოფილა დემოკრატიის განმტკიცებასა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის გაძლიერებაზე. ასევე, როცა ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვანი, მშვიდობისა და კეთილდღეობის, შესაძლებლობა არსებობს, შუა დერეფნის პროექტი, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო, ივანიშვილის დამსახურებით ქვეყანა ამის მონაწილე არ არის და დღეს ორივე მეზობელთან [სომხეთთან და აზერბაიჯანთან] სატარიფო კონფლიქტი გვაქვს. ის ფუნქცია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის დროს გვქონდა, როდესაც ნავთობსადენის პროექტი დაიწყო, სრულდება, თანაც ისე, რომ მომავალში ქვეყანას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ეს რუსული სუვერენიტეტის გამეორება იყო. ყველას უთხრეს, რომ ქვეყნის გაერთიანება პრიორიტეტი აღარ არის, ისევე როგორც ამ, ქვეყნის ევროპული კეთილდღეობის შექმნა. ჩვენ მორჩილი დიპლომატიური კორპუსი ვნახეთ და ასევე ძლივს მოსაუბრე ყაველაშვილი, რომელსაც დაწერილი ტექსტის კითხვა კვლავ უჭირდა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.




