ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყნის და ხალხის ღალატს ყალბი მშვიდობით ყიდდა, საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის დაცვას გადააყოლა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა.
აქუბარდიამ აღნიშნული განცხადება დედაქალაქის ნაწილში ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან ასევე ბრიფინგზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მშვიდობისკენ სწრაფვა იმით არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ დაუცველი იყოს ქვეყანა, არამედ იმით, რომ მაქსიმალურ დაიცვას ქვეყნის და ხალხის მედეგობა.
“ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყნის და ხალხის ღალატს ყალბი მშვიდობით ყიდდა, საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის დაცვას გადააყოლა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება და ასიათასობით მოქალაქე, რომელიც ჯერ ინტერნეტის გარეშე დარჩა სრული 1 დღით და ახლა უკვე გაზის. ამ დროს კი შსს, რომლის ვალდებულებაცაა სტრატეგიული ობიექტების დაცვა დასდევს მოქალაქეებს, სტუდენტებს,იჭერს და აჯარიმებს ქუჩებში პროტესტის გამოხატვის გამო.
მოვლენათა ქრონოლოგიით რომ ვისაუბროთ, საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერი „მაგთი“ 27 იანვარს განმარტავდა, რომ მის სამ მილიონზე მეტ აბონენტს ინტერნეტი გაეთიშა და თურქეთში და საქართველოში ქსელის დაზიანების გამო. ამავე განცხადების თანახმად, საქართველოში მომხდარი სამი „საეჭვო დაზიანების“ ფაქტზე ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებს მიაწოდეს, თუმცა საზოგადოებისთვის შსს-გან არ გაკეთებულა განცხადება ამ სავარაუდო დივერსიაზე გამოძიების შესახებ.
აგერ უკვე 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. ვინ არის ეს მესამე პირი და რატომ იყო დაუცველი ცენტრალური გაზსადენი ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა შსს-გან არ გაკეთებულა.
თუკი ვიღაც “მესამე პირს” შეუძლია ზამთარში გათბობის გარეშე დატოვოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი (სტრატეგიულად – უმნიშვნელოვანესი) ნაწილი, შეაჩეროს ბაღების, სკოლების, საცხობების და ა.შ. მუშაობა, გასაგებია, რომ ქვეყანაში ცუდადაა საქმე, მათ შორის – უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მაშ გამოდის, რომ თეორიულად დივერსანტთა სამკაციან ჯგუფს შესწევს ქვეყნის დედაქალაქის გაჩერება (გაზი/წყალი/დენი), ანუ კოლაფსის გამოწვევა ქვეყანაში. და ეს ხდება მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიულ ობიექტებად აქცევს და იცავს რეჟიმის უსაფრთხოების დაცვისთვის მნიშვნელოვან შენობებს და გზებს (თბილის მოლის გზაც სტრატეგიულ ობიექტად აქციეს და მის დასაცავად ყველანაირი შსს რესურსი მოიხმარეს და მართლაც სტრატეგიული ობიექტები/მაგისტრალები დაუცველი ყოფილა.
ამიტომ, ივანიშვილის რეჟიმს ვეტყვი, რომ მშვიდობისკენ სწრაფვა იმით კი არ უნდა გამოიხატებოდეს, რომ დაუცველი გყავდეს ქვეყანა, არამედ იმით, რომ მაქსიმალურ დაიცვას ქვეყნის და ხალხის მედეგობა!” , – განაცხადა აქუბარდიამ.
