ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი, რეჟიმისთვის და ირაკლი კობახიძისთვის განსაკუთრებით ეგზისტენციალური საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის ქონება და მისი ძალაუფლების შენარჩუნება , – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ წევრმა თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
კირთაძის თქმით, ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ ივანიშვილის რეჟიმი უქმნის საფრთხეს.
„ვიზალიბერალიზაცია მშვიდობასა და სტაბილურობას არ უქმნის საფრთხეს. თუ ვინმე უქმნის საფრთხეს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, თესავს ქაოსსა და განუკითხაობას, პირველ რიგში, ივანიშვილის რეჟიმია. მათთვის მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის ნარატივიდან ცრუ დილემების შემოტანა საზოგადოებაში, რასაც მანამდე ახერხებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ ამბობს, რომ არ არის ეგზისტენციალური საკითხი. რეჟიმისთვის და ირაკლი კობახიძისთვის განსაკუთრებით, ეგზისტენციალური საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის ქონება და მისი ძალაუფლების შენარჩუნება“, – აღნიშნა მან.
ამასთან, კირთაძემ ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე და უპასუხა კითხვას, როგორ უნდა ჩაიაროს 4 ოქტომბრის დღემ და რა პოზიცია აქვს პარტია „ფედერალისტებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს მოქალაქეების ქუჩაში გამოყვანის ორგანიზებასა და მასშტაბურ აქციას გულისხმობს. კირთაძის თქმით, უმჯობესია, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის შიგნით ჩამოყალიბდეს, რადგან ამ გეგმას ლევან ხაბეიშვილი ახმოვანებს და არა პარტიის თავმჯდომარე.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმჯობესი იქნება, პარტიის შიგნით ჩამოყალიბდეს ჯერ. 4 ოქტომბრის გეგმა რაც არის, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, ეს არის ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამას არ იზიარებს, მინიმუმ, საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობს, საუბრობს მხოლოდ ხაბეიშვილი და ეს იმაზე მიუთითებს, თუ რა მდგომარეობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამიტომ, საკუთარ პარტიას მიხედონ და სხვების დამოძღვრას შეეშვან. მე არ ვარ მომხრე რაღაც კონკრეტულ თარიღებზე ჩამოკიდების, არასერიოზულად მიმაჩნია. მაშინ, რატომ 4 ოქტომბერი და რატომ 3 ოქტომბერი არა, რატომ ველოდებით, თუ 4 ოქტომბერს შემიძლია 200 ათასი ადამიანი გამოვიყვანო, რომელშიც ისეთი ენერგიაა, რომ ეს რეჟიმი დემოკრატიულად დაამხოს“, – განაცხადა კირთაძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ლელო – ძლიერ საქართველოზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძეს ფორმალური სტატუსი აინტერესებს და სურს, რომ მთავარ ოპოზიციად და „ქართული ოცნების“ ალტერნატივად იქცეს.
„ელემენტარული კითხვა უნდა დაუსვან მამუკა ხაზარაძეს ან მის ნებისმიერ წარმომადგენელს ან გიორგი გახარიას ან მის წარმომადგენელს – რა არის მათი მიზანი. რაღაცას როცა ვაკეთებთ, ხომ უნდა გვქონდეს მიზანი და ამ მიზნის მიღწევის გზები, როგორღაც უნდა გამოვკვეთოთ. ეს ადამიანები მიზანს ვერ ჩამოაყალიბებენ გულწრფელად.
მამუკა ხაზარაძეს აინტერესებს ფორმალური სტატუსი. ეს ფორმალური სტატუსი იქნება არჩევნების შედეგებიდან, ამიტომ აძლევს ლეგიტიმაციას რეჟიმს, ამიტომ ეხმარება მას თავისი ძალაუფლების გამყარებაში, რომ შავით თეთრზე სადღაც ეწეროს, რომ მეორე ადგილზე გავიდა კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ და რომ ამ ქვეყანაში ეგ არის ოპოზიცია და ეს არის ამ რეჟიმის ალტერნატივა.
როგორც სააკაშვილს ჰქონდა გათვლა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მედიის მეშვეობით რეალობას აყალბებდა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის აჩვენებდა იმიტომ, რომ რაღაც კონკურენცია არ შექმნილიყო და სურათი დარჩენილიყო, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი გამოწვევა არის მიხეილ სააკაშვილი, ამაში იხდიდა ფულს, ახლა ხაზარაძე იხდის ფულს მაგაში და ამით ღალატობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.
