თენგო კირთაძე: ანუ ხელოვნურად გიძვირებენ ცხოვრებას, რომ რაც შეიძლება მეტი წაგართვან და თან ამ პროპაგანდისტულ სალაფავს გაჭმევენ, რომ მარკეტების დაკეტვით დაგიზოგავენ ფულს

“ირაკლი არის კლოუნი, რომელიც დასცინის საქართველოს ღარიბ მოსახლეობას. საკმაოდ ორიგინალური მიზეზისთვის მიუგნია, თურმე რის გამოც პროდუქტებში მაღალ ფასს ვიხდით – ძალიან ბევრ მარკეტს ხსნიან კომპანიები, რაც ფასზე აისახება და მოსახლეობას ტვირთად აწვებაო. იქვე ბრძნული შედარებით გაუმყარებია ეს არგუმენტი: საქართველოში 100 000 ადამიანზე 113 მარკეტია, როცა გერმანიაში 45-იო. დავიწყოთ იმით, რომ გერმანიაში 1 კვადრატულ კილომეტრზე 230+ მოქალაქე ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ გერმანია 4-ჯერ უფრო მჭიდროდ არის დასახლებული ვიდრე საქართველო. საქართველოში 1 კვადრატულ კილომეტრზე ცხოვრობს 67 მოქალაქე, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ქართველისთვის სურსათზე წვდომის უზრუნველყოფას სჭირდება გაცილებით მეტი მარკეტი 100 000 კაცზე, ვიდრე გერმანიაში.
გარდა ამისა, გერმანიაში, თითქმის ყველა მოქალაქეს აქვს როგორც ავტომობილის, ისე ერთიანად კვირის ან თვის სურსათის შეძენის ფინანსური რესურსი.
გერმანელი კვირაში ან თვეში ერთხელ მიდის მარკეტში, (თუ გარეუბანში ცხოვრობს, მარკეტში შეუძლია წავიდეს როგორც მანქანით ისე საარაკოდ გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით) ყიდულობს დიდი რაოდენობით პროდუქტს და ის ჰყოფნის კვირობით. საქართველოში უამრავი ადამიანი დღიური გამომუშავების იმედად ცხოვრობს და ყოველდღიურად უწევს საკვების შეძენა, რომ შიმშილით არ მოკვდეს.
ამას გარდა, საქართველოში გზები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი იმდენად გაუმართავია, რომ რომელიმე სასოფლო დასახლებიდან ქალაქში საყიდლებზე წასვლა ფაქტობრივად აუხდენელი ოცნებაა.
დღემდე საქართველოს უამრავ დასახლებაში არ არსებობს მარკეტი და პირიქით, დროსთან ერთად, მეტი და მეტი მარკეტი უნდა გაიხსნას, რომ ადამიანებს თავიანთ დასახლებაში შეეძლოთ ელემენტარული სურსათის შეძენა/მომარაგება.
ამის ნაცვლად, კლოუნი კომპანიებს ფაქტობრივად მოუწოდებს, დაკეტონ მარკეტები, რაც ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ქართველებს პროდუქტებზე წვდომა შეეზღუდებათ, უამრავ ადგილას სამუშაო ადგილები დაიკარგება, რადგან ქსელური მარკეტები საქართველოს მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია (116 000 ქართველზე მეტი სწორედ მარკეტებშია დასაქმებული, ანუ კერძო სექტორში დასაქმებულთა 16%-ზე მეტი).
ანუ “ფასების დაწევის” კობახიძისეული ფორმულა გულისხმობს: ნაკლებ ინვესტიციას რეგიონებში, ნაკლებ სამუშაო ადგილს, ნაკლებ წვდომას სურსათზე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამის პარალელურად, მეგობრებო, გიძვირებენ დენს და გაზს (რაც გაზრდის ყველაფრის ფასს), საგრძნობლად აძვირებენ ყველა იმპორტულ სიგარეტს, აძვირებენ საგზაო ჯარიმებს, არ ამცირებენ აქციზსა და დღგ-ს საწვავზე, რაც უშლის პროდუქტის გაიაფებას ხელს.
ანუ ხელოვნურად გიძვირებენ ცხოვრებას, რომ რაც შეიძლება მეტი წაგართვან და თან ამ პროპაგანდისტულ სალაფავს გაჭმევენ, რომ მარკეტების დაკეტვით დაგიზოგავენ ფულს. ძალიან მარტივი ფანდია – სიღატაკეს გაგუებენ წინასწარ და განსაკუთრებით დაბალინფორმირებულ ამომრჩეველს ამზადებენ, რომ ასტრონომიული ფასები ვერაგ “ოპოზიციას” დააბრალონ”. – წერს Facebook-ზე პარტია ფედერალისტების წევრი, თენგო კირთაძე.