ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან იმ პროცესებს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ახორციელებს ჩვენ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, აშშ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის პარტნიორია, იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად არის ჩართული პროტესტში და არ ეთანამშრომლება არაღიარებულ რეჟიმს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ იძულებით მიათრევს ქვეყანას რუსეთისკენ.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებას საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის რეზოლუცია, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობა საქართველოს საკითხზე, ასევე დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და რეპრესიებზე. გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება და ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, თუ რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ფარგლებში, ასევე ისრაელ-ირანის 12 დღიან ოპერაციის შემთხვევაში, აშშ-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია საქართველოში მიმდინარე რეპრესიები. ამერიკელი და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან იმ პროცესებს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ძალმომრეობითი პოლიტიკით ყოველდღიურად ახორციელებს ჩვენ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა აშშ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის პარტნიორია, იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად არის ჩართული პროტესტში და არ ეთანამშრომლება არაღიარებულ რეჟიმს. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებით მიგვათრევს რუსეთისკენ, რომელმაც ყველა ეტაპზე მიატოვა საკუთარი პარტნიორები და უღალატა იმ პრინციპებს, რასაც თანამშრომლობა ჰქვია, ხოლო ჩვენი, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მზად არიან მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და იმ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომლის საფუძველი და ავანგარდი არიან ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც დღეს უსამართლო სასამართლოს პირობებში იხდიან სასჯელს, ვინაიდან მათ არ ითანამშრომლეს რეჟიმთან“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
