ერთადერთი ამოცანა, რაც საგამოძიებო კომისიას აქვს: ყველა დამნაშავეა „ქართული ოცნების“ გარდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია არის არალეგიტიმური პარლამენტის კომისია და იქ „ყველაფერზე ჭორაობენ“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. პარლამენტში, ე.წ. საგამოძიებო კომისიამ, მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებულია და არ აქვს ლეგიტიმაცია, არცერთი ძირითადი პოლიტიკური პარტია და არავინ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მის ლეგიტიმაციას არ ცნობს, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ერთმა პარტიამ შექმნა რაღაცა „ტროიკის“ სტილის სასამართლო და ყველაფერზე ჭორაობენ, დაწყებული ომით, გაგრძელებული ე.წ. აფრასიძეების საქმით, დასრულებული 20 ივნისით. ყველაფერი ერთად არის ჩაყრილი ამ სიცრუის მთავარ ინსტრუმენტში და ყველაფერზე ჭორაობენ. ვნახეთ ჩვენ ყოფილი „ქოცების“ გასაუბრებაც, როგორ აბრალებდნენ ერთმანეთს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს. საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს კონკრეტული მიზნისთვის და კონკრეტული საკითხისთვის. რაც შეეხება გაგრძელებას და ნიკა გვარამიას სასამართლოში „პოპკორნით“ მისვლას, ის პერფორმანსია, განაცხადი, იმიტომ, რომ სასამართლოში დებატებში ვერ შეხვალ, თან იმ ადამიანებთან, ვისაც კომპეტენციის ნაკლებობა აქვთ. ეს იყო იმის პრეზენტირება, გამოხატვა, თუ რა ხდება დღეს სასამართლოში, რა ხდება დღეს სახელმწიფოში. მოსამართლემ თვითინიციატივით გადაწყვიტა, რომ ნიკა გვარამიას შეიძლება ჰქონდეს დიაბეტი და გამოაცხადა შესვენება. საბოლოო ჯამში, ძალიან ფორმალურად ჩატარდა პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არგუმენტი ითქვა ნიკა გვარამიასა და მისი უფლებების დამცველის მხრიდან. წინასწარ ვიცოდით, რა შედეგიც იქნებოდა.
საგამოძიებო კომისია თავიდან ნამდვილად ემზადებოდა და ისე მიდიოდა საქმე, რომ ემზადებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა მათ რიგებში. ვნახეთ, ხომ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს? – ჩატში. ჯერ ყველა ერთ აზრზეა, შემდეგ ჩაერევა ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ შეეცვლება ყველას აზრი. ახლა რაღაცები გადადეს დროში და სივრცეში. ერთადერთი ამოცანა, რაც ამ კომისიას აქვს, ყველა დამნაშავეა „ქართული ოცნების“ გარდა. 20 ივნისის ამბავზე, რაშიც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქვს გიორგი გახარიას, მაგრამ უნდათ მას ხელები შეაწმინდონ. საგამოძიებო კომისია მომავალში უნდა შეიქნას იმაზე, თუ ვინ და როგორ იღებდა გადაწყვეტილებას. რა შუაშია ვასილ მაღლაფერიძე მელიას დააკავებდნენ თუ არა, ან სოზარ სუბარი, ან თორნიკე რიჟვაძე?!” – განაცხადა თენგო თევზაძემ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას, თევზაძის შეფასებით, ეს იყო მძიმე შეცდომა.
„ეს იყო მძიმე შეცდომა. ეს არ იყო მხოლოდ შეცდომა. სასწორის პინაზე მისთვის იდო პირადი თავისუფლება და ასევე იდო ის შეცდომა და შესაძლო ზიანი, რომელიც მას მიადგებოდა. მან აირჩია ის გზა, რაც აირჩია. ჯერჯერობით, არცერთი პოლიტიკოსი არ მისულა და ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის კომისია. ერთადერთი ვინც მივიდა, იყო გიორგი გახარია და მოუწია გარდა აბსურდული ბრალდებების მოსმენისა, მძიმე შეურაცხყოფების მოთმენა და გატარება. ის ცირკი, „ერალაში“, რაც პარლამენტში მიდის და წულუკიანი ხელმძღვანელობს, არ აინტერესებს ქართველ ხალხს. არ აინტერესებს, რომელი უფრო შეშინებულია, წულუკიანი თუ გახარია. ხალხს აინტერესებს ის, რა საფრთხის ქვეშაც ვართ ახლა“, – განაცხადა თევზაძემ.
მან ასევე ისაუბრა მუნიციპალურ არჩევნებში პარტიების მონაწილეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის შესრულების გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ვერ წარმოუდგენია.
„ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენი, „ახლების“ მთავარი ამოცანა იყო არჩევნების გზით დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“, მაგრამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ქართულ საზოგადოებას აქვს ორი მოთხოვნა: ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მე ვერ წარმომიდგენია ამ ორი პირობის შესრულების გარეშე, იმ საარჩევნო გარემოთი, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს არჩევნებზე დაკვირვებას, ვინმემ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და იყოს „ქართული ოცნების“ სატელიტი პოლიტიკური პარტია. თუ ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდება, ამ არჩევნებში შესვლა იქნება საბოლოო ჯამში, ოპოზიციის თვითმკვლელობის გამოცხადება. გახარიას პარტიას უნდა, რომ 25-30 ადამიანი საქართველოს მასშტაბით ჰყავდეს საკრებულოებში? – მეტი ვერ ეყოლება. ჩვენ რომ მივიღოთ მონაწილეობა, კოალიციამ, ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე, ათჯერ მეტი გვეყოლება მინიმუმ. ხომ არ ვეჯიბრებით?!“ – განაცხადა თენგო თევზაძემ.
