თენგო თევზაძე – ევროპარლამენტის წევრებს ვესაუბრეთ „რუსულ სპეცოპერაციაზე“, რომელიც ჩატარდა არჩევნების სახით, ასევე შეფასება უნდა მიეცეს პროვოკაციას, რომელიც 4 ოქტომბერს მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“

ვესაუბრეთ „რუსულ სპეცოპერაციაზე“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა ს სახით, ასევე ის პროვოკაცია, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, შეფასდეს და შესაბამისი შეფასება მიეცეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს უთხრეს, რომ საქართველო არ იმსახურებს იზოლაციას, იზოლაციას იმსახურებს ივანიშვილი.
„შევხვდით საქართველოს მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში აქვთ მხოლოდ ერთი დამოკიდებულება: ქართველი ხალხი, თბილისი იმსახურებს იყოს ევროპული, ქრისტიანული, ცივილიზაციური ოჯახის წევრი, სადაც თანასწორობა, კანონის წინაშე უზენაესობა და ადამიანების პატივისცემა უზენაესია. ვესაუბრეთ რუსულ სპეცოპერაციაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა არჩევნების სახით, ასევე ის პროვოკაცია, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, შეფასდეს და შესაბამისი შეფასება მიეცეს. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სანქციები. ვუთხარით რომ, საქართველო არ იმსახურებს იზოლაციას, იზოლაციას იმსახურებს ივანიშვილი, კრიმინალური რეჟიმი და მისი წარმომადგენლები . ჩვენი პოზიცია არგუმენტები მიწოდებულია, ვნახოთ შეფასებები იქნება რეზოლუციებში თუ ანგარიშებში“, – აღნიშნა თევზაძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემპტი, ნაჩო სანჩეს ამორი და ტობიას კრემერი . რაც შეეხება ოპოზიციას, შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები. შეხვედრა დაგეგმილია სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.
ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაცია გუშინ ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დღეს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილთან.