„ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აშშ-ს მხრიდან პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ ნიშნავს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას, არამედ წარმოადგენს ფორმალურ ურთიერთობას პირთან, რომელიც „სისტემას არაოფიციალურად მართავს“.
რაც შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენების კონტექსტს და უსაფრთხოების საკითხებს იმ ფონზე, როდესაც აშშ ირანში სახემელთო ოპერაციას გეგმავს, თევზაძე აცხადებს, რომ აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კი ირანის მხარეს დადგა, შესაბამისად, თევზაძის შეფასებით, „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი.
„ამერიკა 84 მილიონიან ირანთან ომშია შესული, რომელსაც ბუნებრივ რესურსთან ერთად, სამხედრო რესურსი აქვს. ამერიკას კავკასიაში სჭირდება სიმყარე. ქართველებს და ამერიკელებს ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული. ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა – დაიკავა ირანის მხარე, ტერორისტების მხარე. „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება. აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა. აშშ-ს თუ დააკვირდებით, ბოლო პოზიციონირება როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ასევე აშშ-ს ომის მინისტრის პოზიციონირებას, დიდია შანსი და რისკი, რომ უახლოეს კვირებში ამერიკამ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ამავე დროს რეგიონში არის პოლიტიკური ლიდერი, ოლიგარქი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ აქვს, გარდა საპატიო წოდებისა, თავმჯდომარისა, რაღაც მოგონილი თანამდებობა და რომელიც არაპირდაპირ მართავს პოლიტიკურ პროცესს. ადამიანებს ყოველდღიურად იჭერს ტროტუარზე დგომის გამო. პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ციხეში ჰყავს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს. რა გგონიათ ასეთ ხელისუფლებასთან შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება?!
აბა ვისთვის უნდა დაერეკა?! ან ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა დაერეკა. თუმცა, რუბიო თავს არ აკადრებდა ივანიშვილთან, ვიღაც საპატიო თავმჯდომარესთან დაერეკა. და კითხვა, ხომ არ ნიშნავს ეს ლეგიტიმაციას? არამც და არამც. კობახიძე არ არის ლეგიტიმურობა, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც ფორმალურად მართავს სისტემას, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა არ აღიარებს“,- განაცხადა თევზაძემ.
მისი შეფასებით, გამორიცხულია ქვეყანაში „გყავდეს პოლიტპატიმრები და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება მოხდეს“.
„ეს პროცესი უნდა განვიხილოთ კალენდარულ ჭრილში. ერთი კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც მათ შორის ოპოზიციას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკურ პრობლემაზე, ასევე პოლიტიკური გადატვირთვის შესაძლებლობაზე.
„ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის დარწმუნებული ვარ, რომ სასაუბრო თემა იქნებოდა პოლიტპატიმრების საკითხი. გამორიცხულია ქვეყანაში გყავდეს პოლიტპატიმრები და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება მოხდეს. არ მაქვს მოტივაცია, რომ აშშ-დან ზარებს დაველოდოთ. ჩვენი მოტივაციაა ის, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ჩვენ ამ უმრავლესობასთან ერთად უნდა შევქმნათ ისეთი დღის წესრიგი და პროცესი, რომ ივანიშვილს უკან მოუწიოს დახევა“,- აცხადებს თევზაძე.




