თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.
სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N70-ში განთავსდა. 11-სართულიანი შენობა 83 საწოლზეა გათვლილი და 352 თანამშრომელია დასაქმებული.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც. ახალ შენობაში კლინიკას გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილებაც დაემატა.
კლინიკას სახელწოდება 2024 წელს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა.
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ინფექციური საავადმყოფო მანამდე ყაზბეგის გამზირზე, „ავერსის“ კუთვნილ შენობაში მდებარეობდა. ცენტრის აწგარდაცვლილი დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წლების განმავლობაში საუბრობდა ცენტრის შენობის განახლების საჭიროებაზე, თუმცა ქირის გადაუხდელობის მიზეზით „ავერსი“ რემონტის ჩატარების საშუალებას არ აძლევდათ. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის გადასაჭრელად არასაკმარისი ძალისხმევისთვის აკრიტიკებდა.
ინფექციური საავადმყოფოს შენობის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა პანდემიის დროს. სახელმწიფომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა ლუბლიანაზე 2020 წელს იყიდა, რემონტს და შენობის გახსნას 4 წელი მოანდომა.

ასევე დაგაინტერესებთ