PACE-ს დელეგაცია უკვე დაწერილი დასკვნით ჩამოვიდა – საერთოდ ასე იქცევიან, ჯერ დასკვნას წერენ, მერე ჩამოდიან და ფორმალურად დადიან აქეთ-იქით, თითქოს ეს დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნახეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვიდრე ასეთი მიდგომა იქნება, მანამდე ამ დიალოგიდან კარგი არაფერი გამოვა.
„გახსოვთ, ვიდრე ისინი [PACE-ს დელეგაცია] ჩამოვიდოდნენ, მოლოდინებზე რომ მკითხეთ გპასუხობდით, რომ მე კარგი მოლოდინი არ მაქვს და რატომ? – ისინი უკვე დაწერილო დასკვნით ჩამოვიდნენ. საერთოდ ასე იქცევიან, ჯერ დასკვნას წერენ, მერე ჩამოდიან და ფორმალურად დადიან აქეთ-იქით, თითქოს ეს დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნახეს. ეს დასკვნები უკვე დიდი ხნის დაწერილია და ეს აკვიატებულ იდეები დიდი ხნის დეკლარირებულია. ეს მარტო ამ შემთხვევაში არ ხდება. 2 დღის წინ აქვეყნებენ, რომ ეკონომიკური განვითარების ინდექსითა და პროგნოზით პირველ ადგილზე ვართ, სხვა კანდიდატები ვინც არიან გაცილებით ჩამოგვრჩებიან, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სხვა ინდექსები, მათ შორის, დემოკრატიასთან დაკავშირებულითაც, ლიდერები ვართ და შემდეგ აკეთებენ დასკვნას, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებს – სად არის ლოგიკა?
ლოგიკა არის ერთი, რომ ჯერ დასკვნას წერენ და მერე ეძებენ გამოგონილ ფაქტებს, რომ რაიმე მიუსადაგონ ამ დასკვნას. ვიდრე ასეთი მიდგომა ექნებათ, მანამდე ამ დიალოგიდან კარგი არაფერი გამოვა.
ვამბობთ, რომ დავსხდეთ და დაგისაბუთებთ, რომ ეს კანონები შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ და გვაქვს მიზეზები, რის გამოც ეს კანონმდებლობა მივიღეთ. ამ კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით მოქმედებს იმავე მიზნებისთვის და არ შეიძლება სეგრეგაცია მოახდინო, რომ შენთვის შეიძლება და შენთვის არა.
როცა ზოგადი ფრაზებით მესაუბრები, რომ ეს კანონები გააუქმე და ჩემ არგუმენტებს არ აბათილებ, ისევ იმ სიტუაციიდან არის, რომ ჯერ დასკვნა გაქვს დაწერილი და მერე ეძებ ფაქტებს”, – განაცხადა შარმანაშვილმა.
გარდა ამისა, დეპუტატი გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებულ შეხვედრას, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი.
მისი შეფასებით, ევროკავშირის მხარე “თავს არიდებს რეალურ თემებზე პირდაპირ დიალოგს”.
„ჩვენ არამხოლოდ ამ საკითხზე, არამედ საგნობრივი საუბრისთვის ყოველთვის მზად ვართ. პრემიერმა შესთავაზა კიდეც, რომ შემიძლია ჩამოვიდე ბრიუსელში, ოღონდ ვისაუბროთ არა აღქმებზე, არამედ ფაქტებსა და რეალურ შეფასებებზეო. დარწმუნებული ვართ, რომ მათ საქართველოსთან არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ იმისა, რომ პრეტენზიები წამოეყენებინათ ამ საკითხებთან დაკავშირებით და საგნობრივ საუბარს გაექცნენ, რასაც პირველად არ აკეთებენ. მათ ურჩევნიათ, თავიანთი გამოგონილი ნარატივების სფეროში იტრიალონ თვითონვე, ვიდრე დასხდნენ და უშუალო დიალოგი გამართონ და პრეტენზიებზე პასუხები მოისმინონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე თანამომხსენებლების (ედიტე ესტრელა, საბინა ჩუდიჩი) შესაბამისი განცხადება PACE-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10-12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ესტრელამ და ჩუდიჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს სრულად გაატარონ უცხოური აგენტების კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული დარღვევების კანონთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.




