ხაზარაძემ იცის, რომ თუ საქართველო მხარის თანხმობის გარეშე გაასაჯაროებს კომერციულ საიდუმლოებას, ეს შეიძლება მისი შეწყვეტის საფუძველი გახდეს – ყველას ყელში ადგას საქართველოში ამ რაოდენობის ინვესტიციების შემოსვლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას არაბული საინვესტიციო ჯგუფის – „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით.
შარმანაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი არ ჩაიშლება და საქართველოში „ნამახვანი 2 არ იქნება“.
„მამუკა ხაზარაძისთვის ყველაფერი კომიკურია, რაც სამყაროში ხდება. მან, როგორც ბიზნესმენმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ საქართველო დაარღვევს პირობებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და მხარის თანხმობის გარეშე გაასაჯაროებს კომერციულ საიდუმლოებას, ეს შეიძლება ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, ან სერიოზული პრობლემები მაინც შეექმნას.
რა თქმა უნდა, ამისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული, თორემ ძალიან კარგად იცის, კომერციული საიდუმლოება რა არის. რაც შეეხება ძირითად პარამეტრებს, რომლებიც შეიძლება აღელვებდეს საქართველოს მოსახლეობას, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მხარესთან, ინვესტორთან შეთანხმებით ის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც შეიძლება მოსახლეობას აინტერესებდეს, გასაჯაროვდა. რამდენი ექნება სახელმწიფოს წილი, რა რაოდენობის ბინებზეა საუბარი, რომელიც შეიძლება გასხვისდეს და სხვა დანარჩენი პარამეტრები. რაც შეიძლება ვინმესთვის თეორიულ საფრთხეს წარმოადგენდეს, ყველა ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა მხარესთან შეთანხმებით.
სხვა დეტალების გასაჯაროვება, რაც ხელშეკრულების არსებობას პრობლემას შეუქმნიდა და მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას არ მისცემდა, ეს მიმართული ნაბიჯია ამ პროექტის ჩასაშლელად, რასაც ისინი ვერ შეძლებენ. დანამდვილებით გეუბნებით! მათი მთავარი მიზანია, ეს პროექტი ჩაშალონ, მეტი მთავარი მიზანი არ გააჩნიათ. ყველას ყელში ადგას საქართველოში ამ რაოდენობის ინვესტიციების შემოსვლა, საქართველოს ეკონომიკური წინსვლა.
ამდენი ინფორმაცია, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა მხარის თანხმობით მოსახლეობას, არცერთ კომერციულ პროექტზე არ ხდება ხოლმე. დანარჩენი არის გამოგონილი თემები ამ პროექტის ჩასაშლელად. ერთხელ ეს შეძლეს „ნამახვანზე“. „ნამახვანი 2“ საქართველოში არ იქნება, ეს იცოდეს ყველამ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
გარდა ამისა, დეპუტატი გამოეხმაურა დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, უცხო ქვეყანაში ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ. მისი თქმით, „მოწყვლადია ის ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს და მასზე გავლენის მოხდენა უცხო ქვეყანას ძალიან ადვილად შეუძლია“.
„კარგად გესმით, რომ ეს ხმების ის რაოდენობა არ არის, რომელიც რაიმე სურათს შეცვლიდა. საუბარია პრინციპზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არჩევანი გაცნობიერებული უნდა იყოს. ანუ, ვინც საარჩევნო ყუთთან მიდის, ნათლად უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას, რატომ და რისთვის. მასზე კი, ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეთ უცხო ძალებს და უცხო სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებიან. საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელიც საარჩევნო ყუთთან მივა, არ უნდა განიცდიდეს უცხო ქვეყნისა და უცხო ძალების ზემოქმედებას. მან საკუთარი გადაწყვეტილება თავისუფალ გარემოში უნდა მიიღოს.
ნებისმიერს ოპოზიციას ასივე პროცენტი რომ დავუწეროთ, თუ სურათს რადიკალურად შეცვლის, შემდეგ ვისაუბროთ. ძალიან მოწყვლადია ის ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს და მასზე გავლენის მოხდენა უცხო ქვეყანას ძალიან ადვილად შეუძლია. მსოფლიოში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. თუ ბაღდათში, ყუთში ბიულეტენი ჩააგდო, ამას ლონდონში როგორ გაიგებენ? – იმის დადგენა შეუძლებელია, ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში როგორ მოიქცა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.




