საქართველოში ნატოში გაწევრიანების განაცხადი სისხლით გვაქვს გაკეთებული – ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევას ნატოს ხელმძღვანელობა ყრის წყალში – უმადურია, დიახ – არასამართლიანად რომ გვექცევიან ახალია თქვენთვის?!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია, მაშინ როდესაც ცხელ წერტილებში ასობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩრდა.
„საქართველოში ნატოში გაწევრიანების განაცხადი ქაღალდით, ფაქსის, ან SMS-ის გაგზავნით კი არ აქვს გაკეთებული, სისხლით გვაქვს გაკეთებული. ნატოს ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია და ფორმალურად მონაწილეობდნენ ავღანეთში და სხვა ცხელ წერტილებში, მაშინ როდესაც ასობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩრდა და საკმაოდ დიდი მსხვერპლი გვაქვს. საკმაოდ დიდი კონტინგენტი გვყავდა. ისინი შტაბში არ ისხდნენ, წინა ხაზზე იყვნენ თავის ამერიკელ და გერმანელ პატრიოტებთან ერთად. ასე რომ, მარკ რუტეს ამ განცხადებას ვუპასუხებდი, რომ განაცხადი კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს გაკეთებული და თუ არ გაითვალისწინებენ ამას ძალიან უსამართლო საქციელი იქნება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.
კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.
„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.




