პირველ რიგში, მინდა უფალს შევთხოვო, რომ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან და გამოაჯანმრთელოს – გამოძიება ასე არ გაჩერდება და ყველა დეტალს დაადგენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, „დაკავებულია ადამიანი, ვის სახლშიც თორნიკე რიჟვაძე იმყოფებოდა, რომელიც დაუდევრად ინახავდა იარაღს და გარეშე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს იარაღი.“
„ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, რადგან ძნელია, ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის ადამიანი, რომელსაც იცნობდი. მეგობრული ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ სამსახურებრივი და როგორც დეპუტატს აჭარის ხელისუფლების წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან, მქონდა. პირველ რიგში, მინდა უფალს შევთხოვო, რომ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან და გამოაჯანმრთელოს. დანარჩენს ალბათ გამოძიება დაადგენს. დაკავებულია ადამიანი, ვის სახლშიც იმყოფებოდა, რომელიც დაუდევრად ინახავდა იარაღს და გარეშე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს იარაღი. ასე რომ, როგორც ჩანს, ეს გამოძიება ასე არ გაჩერდება და ყველა დეტალს დაადგენს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილმა ასევე ისაუბრა წერილზე, რომელსაც „იმედი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის თორნიკე რიჟვაძემ სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.
შარმანაშვილის შეფასებით, თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან წერილი დაწერა და თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება ამას შეაფასებს და შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს.
„დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს, ექსპერტიზა ჩატარდა? ეს ასე არ ხდება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან წერილი დაწერა და თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება ამას შეაფასებს და შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს… ამ წერილის ასლიც არ დევს ხომ? მოყოლით იციან ამაზე. მისი ოჯახი დაცული იქნება ყველა შემთხვევაში, ისევე როგორც ჩემი და თქვენი ოჯახი. ამ ქვეყანაში ყველას ოჯახი დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
